2015 წლიდან საქართველოს სამ სახელმწიფო უნივერსიტეტში ამერიკული საგანმანათლებლო პროგრამები განხორციელდება.
ამასთან, გაიცემა დაახლოებით 12.5 მილიონი აშშ დოლარის გრანტი პროფესიული განათლების საჯარო და კერძო პროვაიდერებისთვის და განხორცილდება 760 000 აშშ დოლარის ტექნიკური დახმარების პროგრამა,–აღნიშნული სიახლეების შესახებ "ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს" სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე აღინიშნა.
"ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს წლის შემაჯამებელი ანგარიში წარუდგინა.
პრეზენტაციაზე ხაზი გაესვა უმაღლესი განათლების პროექტს "სან დიეგოს სახელმწიფო უნვიერსიტეტი და საქართველო 2020", რომელიც 2015 წლიდან საქართველოს სამ სახელმწიფო უნივერსიტეტში: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში განახორციელებს ბაკალავრიატის ამერიკულ საგანმანათლებლო პროგრამებს ელექტრულ ინჟინერიაში, ქიმიასა (ბიოქიმიის განხრით), კომპიუტერულ ინჟინერიაში, სამოქალაქო ინჟინერიასა და სამრეწველო მშენებლობაში. კურსდამთავრებულები მიიღებენ ამერიკულ განათლებას და დიპლომებს. აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის კომპაქტიდან 30 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება მოხდება.
კომპაქტის დაფინანსებით, 2014 წლიდან საქართველო მონაწილეობას იღებს საერთაშორისო კვლევებში, რომელთა მიზანია განათლების სისტემის მდგომარეობის შედარება სხვა ქვეყნებთან. ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა მუშაობა დაიწყო ისეთ მნიშვნელოვან პროექტებზე, როგორებიცაა: საჯარო სკოლების მოვლა-პატრონობის სისტემის შემუშავება, მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარება და საჯარო სკოლების რეაბილიტაცია.
პრეზენტაციაზე ყურადღება დაეთმო ფონდის პროექტს "პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის", რომლის მიზანია საინჟინრო, საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიების სფეროში პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით პროფესიული განათლების პროექტის განხორციელება. პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 16 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რომლის ფარგლებში 2015 წლიდან გაიცემა დაახლოებით 12.5 მილიონი აშშ დოლარის გრანტები პროფესიული განათლების საჯარო და კერძო პროვაიდერებისთვის, ასევე განხორცილდება 760 000 აშშ დოლარის ტექნიკური დახმარების პროგრამა.