საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 2014 წელი შეაჯამა. უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბების მწვრთნელებმა და კაპიტნებმა, ასევე ნაკრები გუნდების თავკაცებმა საუკეთესოები ოთხ ნომინაციაში გამოავლინეს.
2014 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ტიტულზე წარდგენილნი იყვნენ ბელგიის "გენკის" თავდამსხმელი ლუკა ზარანდია, რუსთავის "მეტალურგის" ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი და თბილისის "დინამოს" შემტევი შუახაზელი გიორგი პაპუნაშვილი. გამარჯვებული _ – გიორგი პაპუნაშვილი ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სფფ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე ჩივაძემ დააჯილდოვა.
'ძალიან გახარებული ვარ! მსურს დიდი მადლობა გადაგიხადოთ ამ აღიარებისთვის, ყველა დინამოელის მადლობელი ვარ – მათ გარეშე ეს გამარჯვება არ იქნებოდა", – განაცხადა 19 წლის დინამოელმა, რომელმაც 2014 წელს საქართველოს ჩემპიონის, თასის და სუპერთასის მფლობელის ტიტულები მოიპოვა, ამავდროულად, ახალგაზრდულ და ეროვნულ ნაკრებშიც ითამაშა.
2014 წლის საუკეთესო ლეგიონერის წოდებისთვის ბელგიის "გენკის" შემტევი თორნიკე ოქრიაშვილი, უკრაინის "დნიპროს" საყრდენი ნახევარმცველი, ეროვნული გუნდის კაპიტანი ჯაბა კანკავა და რუსეთის "რუბინისა" და ნაკრების ცენტრალური მცველი საბა კვირკველია იბრძოდნენ.
წლის საუკეთესო ლეგიონერის სტატუსი საბა კვირკველიას ერგო, რომელიც სფფ-ს გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემ დააჯილდოვა.
მესამე ნომინაცია იყო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე. ამ წოდებისთვის ჯაბა დვალი (მან ახლახანს დატოვა „ზესტაფონი"), გორის „დილას" კაპიტანი ირაკლი მოდებაძე და „დინამოდან" ესპანეთის მესამე დივიზიონის კლუბ „ტარაგონაში" დეკემბრის მიწურულს გადასული ჩისკო მუნიოსი იბრძოდნენ.
გამარჯვებული ჩისკო მუნიოსი გახდა. ფეხბურთის ფედერაციის ვერსიით ის ზედიზედ მესამედ გახდა ამ ნომინაციის გამარჯვებული. ჩისკოს არყოფნაში ჯილდო "დინამოს" მმართველმა დირექტორმა ლევან ზუხბაიამ ჩაიბარა.
, საქართველოს 2014 წლის საუკეთესო ფეხბურთელად კი ქართული ფეხბურთის სამყაროს გადაწყვეტილებით საბა კვირკველია დასახელდა.
"ძალიან ბედნიერი ვარ! გულახდილად გეტყვით, ერთ პრიზს ველოდი, მაგრამ ორს – ნამდვილად არა. ეს ჩემთვის დიდი აღიარებაა, დიდი პატივია და ვეცდები მომავალი წელი არანაკლებ კარგად ჩავატარო. მეამაყება, რომ საქართველოს ნაკრებში ვთამაშობ!" – განაცხადა სფფ-ს 2014 წლის საჯილდოების ტრიუმფატორმა.