24 აპრილს სამტრედიის ცხელების ზონა სამმა პაციენტმა დატოვა. ექიმებმა ისინი ბინაზე გაწერეს, რადგან ლუგარის ლაბორატორიის იმერეთის ფილიალიდან მათ ნიმუშებზე უარყოფითი პასუხები მოვიდა. ჯეო ჰოსპიტსლსის სამტრედიის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ბაზაზე არსებულ ცხელების ზონაში ამ დილით შემოიყვანილ ახალ პაციენტს კოვიდ-19-ის ინფექციაზე ნიმუში აუღეს.
,,პასუხი სავარაუდოდ, ხვალისთვის გვეცოდინება”, _ განუცხადა ,,გურია ნიუსს” ექიმმა ინფექციონისტმა, მანანა შენგელიამ.
მისივე ინფორმაციით, სამტრედიის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრს ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, სხვადასხვა სახის ჩივილებით, 42-მა პაციენტმა მიაკითხა. აქედან 18 ცხელების ზონაში მოთავსდა, ხოლო 24-ს ამბულატორიულად გაეწია კონსულტაცია და ისინი ოჯახის ექიმთან გადამისამართდნენ. ცხელების ზონა სამტრედიაში პირველი აპრილიდან ფუნქციონირებს. ამ ხნის განმავლობაში სამედიცინო ცენტრში 74 პაციენტი იქნა შემოყვანილი, ყველა მათგანს კორონავირუსზე გამოკვლევა ჩაუტარდა. სამტრედიის ცხელების ზონაში დადასტურებულია ორი დადებითი შემთხვევა. ახალი კორონავირუსი ვანის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ერთი ოჯახის ორ წევრს, ცოლ-ქმარს დაუდასტურდა. ისინი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს სამკურნალოდ. ექიმი-ინფექციონისტის, მანანა შენგელია შეფასებით, სამტრედია კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით ამ ეტაპზეც ინარჩუნებს სიმშვიდეს.