22 იანვარს პარიზში, UNESCO-ს შტაბ-ბინაში, ქართველი პიანისტის ელისო ბოლქვაძისთვის "UNESCO-ს ხელოვანი მშვიდობისთვის" ტიტულის მინიჭების ოფიციალური ცერემონია გაიმართება.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცერემონიაზე სტუმრებს სიტყვით მიმართავენ UNESCO-ს გენერალური დირექტორი ირინა ბოკოვა, საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ეკატერინე სირაძე-დელონე და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი UNESCO-ში და ელისო ბოლქვაძე.
სამინისტროს ინფორმაციით, ცერემონიას დაესწრებიან UNESCO-ს გენერალური დირექტორის მოადგილეები და სხვა ხელმძღვანელი პირები. მიწვეულები არიან ასევე საფრანგეთში აკრედიტებული ელჩები, UNESCO-ში მუდმივი წარმომადგენლები. ღონისძიებას დაესწრებიან ასევე პარიზში მცხოვრები ქართველი ხელოვანები და დიასპორის წარმომადგენლები.
ამასთან, სამინისტროს განცხადებით, ცერემონიის დასრულებისთანავე საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს სახელით ოფიციალური მიღება გაიმართება.
"UNESCO-ს ხელოვანები მშვიდობისთვის" არიან კულტურის დარგში მოღვაწე გამოჩენილი პიროვნებები, რომლებიც მზად არიან უსასყიდლოდ გამოიყენონ საკუთარი სახელი და სტატუსი ორგანიზაციის ღირებულებებისა და მთავარი მიზნების პოპულარიზაციისთვის. ეს არიან ის ადამიანები, ვინც თავისი წარმატებული კარიერის განმავლობაში უკვე დიდი წვლილი შეიტანეს იუნესკოს კომპეტენციაში არსებული სფეროების განვითარებაში.
ქალბატონი ელისო ბოლქვაძისთვის ამ მაღალი სტატუსის მინიჭების საფუძველი გახდა არა მარტო მისი პროფესიონალიზმი, არამედ წლების განმავლობაში გაწეული აქტიური საქველმოქმედო მოღვაწეობა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსების მხარდაჭერა ფონდ "ლირას" მეშვეობით", _ აცხადებენ სამინისტროში.
UNESCO-ს ელისო ბოლქვაძის კანდიდატურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ წარუდგინა.