თეირანის ინტერპოლმა მარიამ კოჩალიძის მკვლელობაში ბრალდებული რუინთან მოჰამადამინის დაკავება დაადასტურა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ინტერპოლის ეროვნულმა ცენტრალურმა ბიურომ საქართველოში დღეს თეირანის ინტერპოლიდან ოფიციალური წერილი მიიღო, რომელშიც აღნიშნულმა უწყებამ მარიამ კოჩალიძის მკვლელობაში ბრალდებული რუინთან მოჰამადამინის დაკავება დაადასტურა.
რუინთან მოჰამადამინი თეირანის ინტერპოლის ძებნილი პირების მონაცემთა ბაზაში მას შემდეგ იყო შეყვანილი, რაც მის მიერ საქართველოში ჩადენილი მკვლელობის გამო ინტერპოლის ეროვნულმა ცენტრალურმა ბიურომ საქართველოში ინფორმაცია გაავრცელა.
უწყების ცნობით, თეირანის ინტერპოლიდან მიღებული ოფიციალური წერილის თანახმად, დანაშაულის ჩადენის შემდეგ ირანის სასაზღვრო ჩანაწერებში რუინთან მოჰამადამინის შესვლის ფაქტი არ დაფიქსირებულა. წერილში საუბარია, რომ ბრალდებული შესაძლოა ირანში უკანონოდ შესულიყო, ამიტომ რუინთან მოჰამადამინის საქმე, დაბადების ადგილის მიხედვით, ქალაქ გამიშანის ადგილობრივ პოლიციას გადაეცა, რათა მისი იდენტიფიკაციის მიზნით ფარული ღონისძიებები განეხორციელებინათ. ადგილობრივი პოლიციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, რუინთან მოჰამადამინმა კიდევ ერთი, მცირეწლოვანი ბიჭის მკვლელობა ჩაიდინა. ირანელმა სამართალდამცველებმა იგი დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააპატიმრეს. რუინთან მოჰამადამინი ამჟამად პატიმრობაში იმყოფება.
ინტერპოლის ეროვნულმა ცენტრალურმა ბიურომ საქართველოში რუინთან მოჰამადამინზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნა 2013 წლის 24 ოქტომბერს გამოაცხადა, ხოლო 2013 წლის 16 დეკემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ რუინთან მოჰამადამინი მარიამ კოჩალიძის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და მას უვადო პატიმრობა მიუსაჯა.
ცნობისთვის, ბათუმის ბულვარში, ზღვის სანაპიროსთან 16 წლის მარიამ კოჩალიძე გარდაცვლილი 2013 წლის 22 ივლისს იპოვეს. მკვლელმა მოზარდის მობილური ტელეფონი Iphone 5 და ველოსიპედი გაიტაცა, ჩანთა, ბლოკნოტი და წიგნი კი ადგილზე დატოვა. ოჯახის ახლობლების განცხადებით, მოზარდს ყელი ჰქონდა გამოჭრილი, პირქვე იწვა და ზურგზე დიდი ქვის ლოდი ედო. მოზარდის მკვლელობაზე საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა.
მომხდარიდან მალევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კოჩილაძის მკვლელობის გამოძიების მსვლელობისას დადგენილია სავარაუდო მკვლელის ვინაობა.
გამოძიებისთვის ცნობილია, რომ აღნიშნული პირი 1985 წელს დაბადებული ირანის მოქალაქე მოჰამადამინ როოინთანია, რომელიც საქართველოში სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან 23 ივნისს შემოვიდა და 22 ივლისს, 19:22 საათზე საქართველოს ტერიტორია ასევე სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით დატოვა.