ეკონომიკის ექსპერტი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ლარის ვარდნასთან დაკავშირებული მთავარი მიზეზი ქვეყნის ეკონომიკაში არსებული პრობლემებია.
"ლარის ვარდნის ახალ მიზეზს ეძებენ. მთავრობის წინა ვერსიები არ გამოდგა დამაჯერებელი. ახლა ფულად გზავნილებებს მიადგნენ.
მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის ბოლო თვეებში იკლო უცხოეთიდან გადმორიცხვების მოცულობამ 2013 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფაქტობრივად იგი უმნიშვნელოდ შემცირდა წლის განმავლობაში. 2014 წელს სწრაფი ფულადი გზავნილების არხებით გადმოირიცხა 1, 441 მილიარდი დოლარი, ხოლო 2013 წელს-1,477. ეს ორივე მაჩვენებელი საკმაოდ აღემატება 2012 წლის(1, 334 მილიარდი) და 2011 წლის(1,268 მილიარდი) ოდენობას.
კი, რუსეთიდან იკლებს, ევროპიდან და ამერიკიდან მოიმატებს. კლება არ იქნება იმდენი, რომ 2012 წლის მაჩვენებელს ჩამოცდეს.
ნავთობზე ფასების კლებით წარმოქმნილი ვალუტის გადინების ეკონომია წლის განმავლობაში თითქმის სამჯერ მეტი იქნება, ვიდრე გადმორიცხვების შემცირებით წარმოქმნილი დეფიციტი.
ლართან დაკავშირებული მთავარი მიზეზი ქვეყნის ეკონომიკაში არსებული პრობლემებია, რომელსაც აძლიერებს არაჯანსაღი ბიუჯეტი და რომელზეც გავლენას ( არაარსებითს) ახდენს საგარეო ფაქტორებიც. ესაა და ეს.
არ გამოვა განტევების ციკნის ძებნა!", _ წერს გოცირიძე საკუთარი "ფეისბუკის" გვერდზე.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ხვალიდან, 22 იანვრიდან 1 დოლარის შეძენა 1,95 ლარად იქნება შესაძლებელი.
ბანკთაშორის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 1.94-ს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ერთ დღეში 0.0107 ლარი შეადგინა.