თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრისა და ბერლინის ფონოგრამარქივისა ერთობლივი პროექტი დასრულდა, რომლის ფარგლებშიც კრებული „ექო წარსულიდან: ქართველ ტყვეთა სიმღერები, ჩაწერილი ცვილის ლილვაკებზე გერმანიაში, 1916 – 1918 წწ." გამოიცა.
ცნობისთვის, 1915 – 1918 წლებში გერმანიის ტყვეთა ბანაკებში, გერმანელმა მეცნიერებმა ისარგებლეს იმით, რომ მათ მიეცათ შესაძლებლობა I მსოფლიო ომში დატყვევებული სხვადასხვა ეროვნების ადამიანებისაგან ჩაეწერათ სხვადასხვა ხალხის ზეპირსიტყვიერება და სიმღერები, რითაც უნიკალური მასალა შემატეს ბერლინის ფონოგრამარქივს. ბერლინის ფომოგრამარქივი დაარსდა 1900 წელს და ამ დროისთვის უკვე ინახავდა უამრავ საინტერესო ხმოვან მასალას.
წიგნი მოგვითხრობს ჩაწერის ისტორიაზე, გვაწვდის საარქივო დოკუმენტებიდან ამოკრეფილ ინფორმაციას ქართველ მომღერლებზე, კომენტარებს სიმღერებზე და მათი ტექსტებს შინაარსს. კრებულს თან ახლავს ორი კომპაქტ-დისკი, რომელშიც შესულია ბერლინის ფონოგრამ-არქივში დაცული ქართველი ტყვეების 90 სიმღერიდან 65 აუდიონიმუში და წერილობითი დოკუმენტები.
წიგნის პრეზენტაცია-კონცერტი 26 იანვარს გაიმართება, რომელსაც ქართველ ტყვეთა შთამომავლებიც დაესწრებიან.
"გურია ნიუსი" ზემოთ მოყვანილი ფაქტის შესახებ ვრცლად ცოტა ხნის წინ წერდა – ქართულ-გერმანული პროექტი: "ვეძებთ ინფორმაციას ტყვედნამყოფ 19 ქართველზე!"