ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლების _ დიდი ვანის, შუა სურების და ზემო სურების მოსახლეობა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს დახმარების თხოვნით მიმართავს.
25 იანვარს, 13 საათზე, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, ჩოხატაურში, ოზურგეთსა და ბათუმში მოსახლეობა გზის შეკეთების მოთხოვნით აქციებს ერთდროულად გაიმართავს.
სურების ხეობის მოსახლეობა ჩოხატაური-სურების საავტომობილო გზის (ამ გზით ხუთი სოფლის _ ბუკისციხის, იანეულის, დიდივანის, შუა სურების და ზემო სურების მოსახლეობა სარგებლობს) მოასფალტებას ითხოვს.
ცნობისთვის, ჩოხატაურის რაიონული ცენტრიდან ზემო სურებამდე მანძილი მხოლოდ 25 კმ-ია. ამ მანძილის დასაფარად კი, ავარიული გზების გამო, მსუბუქ ავტომობილს ორსაათნახევარი სჭირდება.
სურების ხეობის მოსახლეობამ საავტომობილო გზის მოხრეშვის დაპირება რამდენიმე დღის წინ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თვითმმართველობის განვითარებისა და დეცენტრალიზაციის პოლიტიკის სამმართველოს უფროს ოთარ კონჯარიასგან მიიღო.
დაპირების მიხედვით, გზის შეკეთება და მოხრეშვა გაზაფხულზე უნდა დაიწყოს და სექტემბრისთვის დასრულდეს, თუმცა როგორც მოსახლეობა აცხადებს, მოხრეშვა საკმარისი არ არის, რადგან კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ნიაღვრები გზას ადვილად რეცხავს.
მოსახლეობის თქმით, საჭიროა გზის კაპიტალური შეკეთება, რისთვისაც დაახლოებით, 12-მილიონ ლარამდეა საჭირო.
ცნობისთვის, 2014 წელს, ზემო სურების ტერიტორიულ ორგანოში, 9 პროექტი დაფინანსდა; სურების ცენტრალური გზის 2 კმ-ან მონაკვეთზე ბეტონის საფარის მოწყობა, ბუკისციხე – ზემო სურების დამაკავშირებელი გზაზე ასფალტ/ბეტონის საფარის მოწყობა, სოფელ ზემოსურების ტერიტორიულ ორგანოში ბეტონის სანიაღვრე არხების მოწყობა, სოფელ შუა სურების ტერიტორიულ ორგანოში ბეტონის სანიაღვრე არხების მოწყობა, სოფელ ზემო სურებში ლომინეიშვილების უბანში ნაპირსამაგრი სამუშაოები, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტებში ვერ მოხვდა, ამიტომ ის არ დაუფინანსებიათ.
ანალოგიური მოთხოვნით სურების ხეობის მოსახლეობამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს 2014 წელსაც მიმართა. პრემიერის აპარატმა განცხადება განიხილა და რეაგირებისთვის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს გადაუგზავნა, თუმცა დაფინანსების არარსებობის გამო, გზის შეკეთება ამ დრომდე ვერ მოხერხდა.