რიგი სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციის მიერ მომზადდა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისადმი მიმართვის ტექსტი, რომლითაც საინიციატივო ჯგუფის წევრები პრეზიდენტს თხოვნით მიმართავენ უზანაესი სასამართოს თავმჯდომარის პოსტზე წარადგინოს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ყოფილი თავმჯდომარის, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ანა დოლიძის კანდიდატურა.
"ჩვენ ქვემორე ხელისმომწერი ორგანიზაციები და ინდივიდუალები ვთვლით, რომ დღეს საჭიროა სასამართლო სისტემის ჩამოყალიბება სამართლიანობის და კანონის უზანაესობის რეალურ გარანტად. საქართველოში გამჭირვალე და სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით, ისევე როგორც საერთო სასამართლოების სისტემის სრულფასოვანი, საზოგადოებრივ ინტერესებზე მორგებული რეფორმირებისათვის უაღრესად საჭიროა მაღალი საზოგადოებრივი ნდობისა და ლეგიტიმაციის მქონე თავმჯდომარის შერჩევა.
ვფიქრობთ, რომ მართლმსაჯულების სისტემაში არსებული გამოწვევების ფონზე უკიდურეს აუცილებლობას წარმოადგენს სასამართლოს ახალ თავმჯდომარედ მაღალი რეპუტაციის, სიღრმისეული ცოდნისა და შესაბამისი გამოცდილების მქონე პირის შერჩევა, რომელის საქმიანობაც არ იქნება დაკავშირებული რომელიმე დაინტერესებული მხარის ინტერესების წახალისებასთან და რომლის უმწიკლო რეპუტაციის წყალობით შესაძლებელი გახდება სასამართლო სისტემის მიმართ წლების განმავლობაში საზოგადოებაში დაგროვილი ნიჰილიზმის, იმედგაცრუებისა და უნდობლობის განწყობის გაქარწყლება, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღებასა და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების განხორციელებას.
წინა წლებში სწორედ სასამართლო გვევლინებოდა მმართველი პოლიტიკური ელიტისა და მასთან ასოცირებული ჯგუფების ინტერესების გამტარებლად და შესაბამისად არ ითვალისწინებდა ან უმეტეს შემთხვევაში იგნორირებას უკეთებდა საქართველოს რიგითი მოქალაქეების ლეგიტიმურ ინტერესებს.
არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ყველაზე კვალიფიციური კანდიდატი გახლავთ იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ანა დოლიძე.
საზოგადოებას ანა დოლიძე ახსოვს როგორც ცნობილი იურისტი და უფლებადამცველი, იგი 2004-2006 წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე უნდა ითქვას, რომ აღნიშნულ პერიოდში, ერთ-ერთი პირველი, ვინც იბრძოდა ადამიანის უფლებების დასაცავად, სამოქალაქო საზოგადოების გასაძლიერებლად და გასააქტიურებლად სწორედ ანა დოლიძე გახლდათ. 2004-2006 წლებში მისი თაოსნობით დაიწყო საქართველოში სამართალდამცავების მხრიდან ძალაუფლების გადამეტების წინააღმდეგ კამპანია და საზოგადოებირვი მოძრაობა სხვადასხვა რეზონანსულ საქმეების გამოძიებასთან დაკავშირებით.
ანა დოლიძეს გამოვლენილი აქვს პრინციპულობა სასამართლოს დამოუკიდებლობის, სისხლის სამართალში მხარეთა თანასწორობის და ბრალდებულთა უფლებების დაცვის, საკუთრების უფლების გარანტიის, გამოხატვის თავისუფლების დაცვის, სასჯელაღსრულებითი სისტემის გამჭირვალობასა და წამების აკრძალვასთან დაკავშირებულ მრავალ საჯარო საკითხთან დაკავშირებით.
ანა დოლიძე გამოირჩევა პროფესიონალიზმით და უმაღლესი იურიდიული კვალიფიკაციით. მას მიღებული აქვს იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მსოფლიოს ერთერთი წამყვანი უნივერსიტეტის, კორნელის უნივერსიტეტისგან, სამართლის მაგისტრის ხარისხი ლეიდენის უნივერსიტეტისგან და სამართლის ბაკალავრის ხარისხი (წარჩინებით) თბილისი სახელმიწიფო უნივერსიტეტისაგან. ამჟამად ანა დოლიძე სამეცნიერო მოღვაწეობას განაგრძობს კანადაში, არის დასავლეთ ონტარიოს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი და სამართლის დარგში მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; ატარებს ლექცებს ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპასა და საქართველოში.
მიუხედავად მაღალი კვალიფიკაციისა, ანა დოლიძე აქამდე არასდროს ყოფილა პოლიტიკურ თანამდებობაზე და თავის საქმიანობას მხოლოდ და მხოლოდ პროფესიულ, იურიდიულ ჭრილში აწარმოებდა. ის არ ასოცირდება არანაირ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ელიტიზმთან და განსაკუთრებით კარგად იცნობს საერთაშორისო სამართალს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის იურიდიული პრაქტიკის მრავალ კუთხეს.
მივმართავთ თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ გიორგი მარგველაშვილს, რათა განიხილოს ანა დოლიძის კანდიდატურა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე, რადგან მიგვაჩნია, რომ ის აუცილებლად შეძლებს უზენაესი სასამრთლოს სისტემის ცვლილებას საუკეთესო მსოფლიო სტანდარტების მხრივ და საქართველოს რიგითი მოქალაქეებისათვის მართლმსაჯულების სისტემას გახდის სანდოს.
ანა დოლიძე თავისი კვალიფიკაციით, პროფესიონალიზმით, გამოცდილებითა და მიუკერძოებლობით, ვფიქრობთ, რომ საუკეთესო კანდიდატია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე.
ბატონო პრეზიდენტო, გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენი თხოვნა და დააყენოთ ანა დოლიძის კანდიდატურა პარლამენტის წინაშე“, _ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენკონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი (ICCN); საერთო-სამოქალაქო მოძრაობა-მრავალეროვანი საქართველო (PMMG); ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეა; მრავალარხიანი დიპლომატიის ინსტიტუტი -საქართველო (IMTD-Georgia); ტრანსცენდ-საქართველო (TRANSCEND-Georgia).