თბილისის საკრებულოს იურიდიული საკითხთა კომიტეტის სხდომა ხმაურის აკრძალვასთან დაკავშირებით კანონპროექტს განიხილავს. სხდომას შს სამინისტროს, მათ შორის, საპატრულო და 112-ის დეპარტამენტის წარმომადგენლები, ასევე გარემოს დაცვის, ჯანდაცვის, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წარმომადგენლები და მოქალაქეები ესწრებიან.
როგორც სხდომის დაწყებამდე იურიდიული საკითხთა კომისის თავმჯდომარე თედო კობახიძემ განაცხადა, იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომაზე განიხილავენ კანონპროექტს, რომელიც ხმაურის აღკვეთას ითვალისწინებს და რომელიც მოსახლეობას ძალზედ აწუხებს.
მისივე თქმით, დღის საათებში განსაზღვრული იქნება დეციბალები, კერძოდ, დღის საათებში, დილის 07:00 საათიდან 23:00 საათამდე დასაშვები იქნება 40 დეციბალამდე ხმაური, ხოლო ღამის საათებში 23:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე 30 დეციბალი.
მისივე თქმით, შემოვა საჯარიმო სანქციები, რომელიც აქამდე არ იყო. ფიზიკური პირებისათვის დღის განმავლობაში ჯარიმა ერთჯერადად დაწესდება 150 ლარი, ხოლო საღამოს საათებში – 300 ლარი. იურიდიული პირებისათვის პირველ ჯერზე ჯარიმის ოდენობა დღის საათებში იქნება 500 ლარი, ხოლო ღამის საათებში 1 000 ლარი. კობახიძემ დასძინა, რომ განმეორების შემთხვევაში ჯარიმების ოდენობა გაორმაგდება.
კობახიძე განმარტავს, რომ აქამდე საზოგადოებრივ სივრცეებში ხმაურ აკონტროლებდა მერიის ზედამხედველობის სამსახური. იგი აცხადებს, რომ მისი მუშაობა არაფექტური იყო, რადგან არ არსებობდა ჯარიმები. კანონპროექტის ამოქმედების შემთხვევაში მსგავს ქმედებებს კონტროლს გაუწევს საპატრულო პოლიცია და იურიდიულ და ფიზიკურ პირებს საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები დააჯარიმებენ.
კობახიძემ ასევე დასძინა, რომ თუ კანონპროექტში მოცემულ საკითხებზე კომისიის წევრები დღეს შეთანხმდებიან, მომავალი კვირიდან კანონპროექტი განსახილვლელად პარლამენტს გადაეგზავნება.
თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი კი, ღამის საათებში ფოიერვერკების გაშვებისათვის რესტორნების დაჯარიმებას ითხოვს. როგორც ელისაშვილი განმარტავს,
რესტორნებში ფოიერვერკის გაშვება მენიუშიც კი არის შეტანილი.
"რესტორნებში ფოიერვერკები მენიუში არის შეტანილი. 100 ლარს გადაიხდიდი და დააბრახუნებდი როცა გინდოდა. ასე არ შეიძლება. ეს არ არის ორღობე, ეს ქალაქია, ეს არის ქალაქური ცხოვრების წესი და კანონი", _ აღნიშნა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა.
ელისაშვილმა კომიტეტის სხდომაზე მოითხოვა რეგულაციები ფოიერვერკების გაშვებასაც შეეხოს, რადგან ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია და საჰაერო სივრცეში შვეულმფრენების უსაფრთხოებისთვისაც მნიშვნელოვანი ფაქტორია.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას კომისიის სხდომის დაწყებამდე ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, იგი მიესალმება ამ კანონპროექტის განხილვას და ახალი რეგულაციების შემოღებას, რომელიც მანამდე ამ სფეროში არ არსებობდა, თუმცა გაოცება გამოთქვა იმ ფაქტის გამო, რომ საკრებულოს ხუთი თვე დასჭირდა კანონპროექტის მოსამზადებლად.
როგორც საკრებულოს დეპუტატი აღნიშნავს, თბილისის საკრებულოს იურიდიულ კომისიას, ხმაურის აკრძალვის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივით მან 5 თვის წინ მიმართა, ანუ და მოითხოვა საკრებულოს იურიდიულ კომისიას უცხოეთის ქალაქებში არსებული ანალოგიები გადმოეღო და აემოქმედებინა.