უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილმა ნინო გვენეტაძემ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტისგან სრული მხარდაჭერა მიიღო.
ფარულ კენჭისყრაში 10 წევრი მონაწილეობდა და გვენეტაძის კანდიდატურას მხარი ათივემ დაუჭირა.
კენჭისყრამდე ნინო გვენეტაძემ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წარმომადგენლებს უზენაესი სასამართლოს პოსტზე საკუთარი ხედვები, გეგმები და მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით მოსაზრებები გააცნო.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
ცნობისთვის, გვენეტაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სრული მხარდჭერაც აქვს.
უნდა აღინიშნოს, რომ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე ნინო გვენეტაძის მოსმენა ხმაურის და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.
დეპუტატების მხრიდან გვენეტაძისადმი კითხვების დასმის და მისი პასუხის მოსმენის შემდეგ კანდიდატურისადმი მიმართვა და კითხვის დასმა მოითხოვეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მყოფმა იურისტებმა ალექსი კობაიძემ და კახა კობახიძემ. მათ კითხვის დასმის საშუალება კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძემ არ მისცა.
როგორც ხმალაძემ განმარტა, აღნიშნული პირები საკომიტეტო მოსმენაზე მისი მხრიდან მოწვეული არ იყო და უფლებამოსილება ჰქონდა, რომ მათთვის კითხვის დასმის შესაძლებლობა არ მიეცა. თავდაპირველად, სწორედ ეს გახდა კობახიძის და კობაიძის მხრიდან პროტესტის გამოთქმის მიზეზი. ისინი სიტყვიერად დაუპირისპირდნენ როგორც ვახტანგ ხმალაძეს, ასევე შალვა შავგულიძეს.
როგორც მათი მხრიდან აღინიშნა, ისინი იმ კანდიდატთა შორის იყვნენ, რომელიც პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე შესთავაზეს და “პარლამენტში მხოლოდ ერთი კანდიდატის წარდგენით კონსტიტუცია დაირღვა”.
კობაიძესა და კობახიძეს ვახტანგ ხმალაძემ დარბაზის დატოვება მოსთხოვა. ერთ-ერთი მათგანი, არც ხმალაძის მოთხოვნით და არც მანდატურის მითითებით არ აპირებდა სხდომათა დარბაზიდან გასვლას, თუმცა, მათ, მანდატურების ძალისხმევით, დარბაზი დაატოვებინეს.