სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსის ირაკლი ნადარეიშვილის ინფორმაციით, 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებისთვის, 2012 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე სისხლის სამართლებრივი დევნა 367 საჯარო მოხელისა და მასთან დაკავშირებული პირის მიმართ დაიწყო.
მისივე განმარტებით, აქცენტი ძირითადად გადატანილი იყო საჯარო მოხელეთა მიერ ჩადენილ ისეთი ტიპის დანაშაულებზე, როგორებიცაა წამება, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობა, იძულება, მუქარა და სხვა მძიმე კატეგორიის ქმედებები, რომელთა მიმართაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობდა.
"367 საჯარო მოხელის მიმართ დევნის დაწყება თავისთავად არ გულისხმობს იმას, რომ გამოძიებული იქნა მხოლოდ 367 დანაშაულებრივი ფაქტი იმის გათვალისწინებით, რომ ხშირ შემთხვევაში ერთი და იგივე პირიდან, პირთა ჯგუფის მიერ ხდებოდა არაერთი დანაშაულის ჩადენა. ამდენად, ორი წლის მანძილზე გამოვლენილ და გამოძიებულ იქნა ათასზე მეტი დანაშაულებრივი ეპიზოდი", _ განაცხადა ნადარეიშვილმა ახალი დეპარტამენტის პრეზენტაციისას.
მისივე თქმით, მოხელეთა მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეების შესწავლით და ანალიზით დადგინდა, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ჩადენილი სამოხელეო დანაშაული ძირითადად ორგანიზებულ ხასიათს ატარებდა.
"დანაშაულები ძირითადად ჩადენილი იყო ჯგუფურად, ხშირ შემთხვევაში, ზემდგომი თანამდებობის პირის უშუალო კონტროლის ქვეშ და ცალკე შემთხვევაში უშუალო მონაწილეობითაც", _ აღნიშნა ნადარეიშვილმა.
თუმცა, დაიწყება თუ არა საშუალო და ქვედა რგოლის საჯარო მოხელეების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა, ჯერჯერობით უცნობია. საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს.
როგორც ახალი დეპარტამენტის პრეზენტაციისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საშუალო და ქვედა რგოლის საჯარო მოხელეებს, რომლებმაც უფლებამოსილებას გადაამეტეს, მაგრამ სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილი არა აქვთ, შესაძლოა პასუხისმგებლობა არ დაეკისროთ.
"ვმსჯელობთ, რომ საშუალო და ქვედა რგოლის საჯარო მოხელეებს, რომლებმაც გადაამეტეს თავიანთ უფლებამოსილებას, მაგრამ არა აქვთ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაული, არ დაეკისროთ პასუხისმგებლობა. მთავარ აქცენტს, ალბათ, გამოძიება დანაშაულის ინიციატორსა და ორგანიზატორზე გააკეთებს. ახალი დეპარტამენტი გამოიძიებს საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილ იმ დანაშაულებრივ ფაქტებს, რომელთა შედეგადაც მოქალაქეებს მიადგათ ფიზიკური და მატერიალური ზიანი – ეს არის ქონების უკანონოდ ჩამორთმევისა და ძალადობის ფაქტები, ცემა-წამება, არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობა. შესწავლილი იქნება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ჩადენილი დანაშაულებები, სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაული", _ განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ შეღავათები გაეწევათ იმ პირებს, რომლებიც გამოძიებასთან ითანამშრომლებენ.
გარდა ამისა, პრემიერის ინფორმაციით, ახალ დეპარტამენტში დაინიშნებიან დაზარალებულთა კოორდინატორები, რომლებიც დაზარალებულ პირებს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან და კონსულტაციას სამართლებრივ საკითხებში გაუწევენ.
ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ პროკურატურაში შექმნილი ახალი სტრუქტურა თავს გაართმევს ამ ურთულეს ამოცანას და რამდენადაც შესაძლებელია მოკლე ვადაში კვალიფიციურად გამოიძიებს და პასუხს გასცემს ყველა იმ კითხვას, რომლებიც როგორც კონკრეტულ დაზარალებულ პირებს, ისე მთელ საზოგადოებას აღელვებს.