საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველო არ უნდა იყოს პატარა სოფელი, როგორც ამას მოგვიწოდებენ.
სააკაშვილმა თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს ბრიუსელიდან მიმართა და აღნიშნა, რომ ჩვენ ვართ ძალიან საამაყო, განსაკუთრებული, ძალიან დიდი პოტენციალის მქონე ქვეყანა, რომელიც იყო დიდი რეგიონალური მოთამაშე და აუცილებლად გახდება მსოფლიო მასშტაბის სუბიექტი.
"სიმართლე არის ის, რომ საქართველო არ უნდა იყოს პატარა სოფელი, როგორც ამას მოგვიწოდებენ. ჩვენ ვართ ძალიან საამაყო, განსაკუთრებული, ძალიან დიდი პოტენციალის მქონე ქვეყანა, რომელიც იყო დიდი რეგიონალური მოთამაშე და აუცილებლად გახდება მსოფლიო მასშტაბის სუბიექტი.
სიმართლე არის ის, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვეკიდოთ გაგებით კრიმინალის ზრდას და კრიმინალის თარეშს. სიმართლე არის ის, რომ ნათესაობით, მეგობრობით, ძმაკაცობით და კორუფციით არ უნდა ინიშნებოდნენ ხალხი მთავრობაში და სხვა ადგილებზე. ჩვენ ყველა ადამიანს უნდა გაეხსნას გზა მისი ნიჭის და უნარების მიხედვით და არა ვიღაცის მამებს, დედებს, ბიძაშვილებს, შვილებს, არა ისე, როგორც დღეს არის – ჩაწყობით. ეს არის სისტემა, რომელიც მეგონა ერთხელ და სამუდამოდ მოვიშორეთ.
სიმართლეა ის, რომ არანაირი ალტერნატივა არ არსებობს ევროპული კურსის თავისი ყველა ხარვეზის მიუხედავად და ვირეშმაკობით და აქეთ-იქეთ თამაშით, საქართველომ, შეიძლება მხოლოდ წააგოს.
სიმართლე არის ის და ამას ვერანაირი ფილმები და ბავშვების კინოთეატრებში ტარება ვერ შეცვლის, რომ ივანიშვილამდე, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ საქართველო არა თუ არ ინგრეოდა, არამედ ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ტემპით ვითარდებოდა. დღეს კი საქართველო ინგრევა და ეს ნგრევა უნდა შეჩერდეს და ყველაზე უტყუარი სიმართლე არის ის, რომ საქართველოს ნამდვილად შეუძლია წინსვლა, რადგან ბევრად მეტი გამოცდილება გვაქვს ვიდრე ადრე", _ განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე განცხადებით, საქართველოს უფსკრულისკენ ერთი რუსი ოლიგარქი მიაქანებს.
"საქართველო უფსკრულისკენ მიექანება. ამას გრძნობს ყველა ქალაქის თუ სოფლის მკვიდრი, გრძნობს ყველა და ნახულობს ყველა. უფსკრულისკენ ჩვენ მიგვაქანებს რუსი ოლიგარქი, რომელიც წამოსკუპებულა სასახლეში დამცინავად დაგყურებთ ზემოდან ქვემოთ და გეუბნებათ, რომ ყველაფერი კარგად არის და მარტო თქვენ არ გყოფნით განვითარება ჭკუა და გონება, რომ შეაფასოთ რამხელა სიკეთეში ცხოვრობთ, როგორ კომფორტულად და კარგად არის მოწყობილი თქვენი ცხოვრება და ის აპირებს გასწავლოთ სწორად დანახვა ყველაფერისა, ისე როგორც მას უნდა", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა: ივანიშვილი იძახის, რომ საქართველოს საზოგადოება უმწიფარია და მან უნდა ასწავლოს სწორი ანალიზი.
"ამისთვის მზად არის ტელეგადაცემა გააკეთოს და დაგარიგოთ ჭკუა. კრიმინალს რომ გაგებით უნდა მოვეკიდოთ, ეს აგიხსნათ. ბანკირები, რომ უნდა დაიქირაო უკვე კარგად გადაგვიღეჭა. უკვე დადგა რიგები ჩვენს საბაჟოებზე, ასევე ბევრ სახელმწიფო უწყებებში. ის რომ ლარი სინამდვილეში ჯანსაღად იქცევა და ამას ხალხი ვერ ხვდება, ესეც გადაგიღეჭათ. თუკი მისი გადაცემა არ გეყოთ ამის გასაგებად ის მზად არის 200 მილიონი ფილმი გადაიღოს იმისთვის, რომ ყოველ საღამოს აგიხსნათ რა საამურია ცხოვრება და რა კატასტროფა იყო წინა წლების მმართველობა, წინა წლების ვარდების რევოლუციის შემდგომი მთავრობა და ის ენერგია. თუ თქვენი ნებით არ უყურებთ ამ ფილმს, მაშინ მზად არის ბავშვები ძალით ჩასვან ავტობუსებში და აყურებინონ სიცრუეზე აგებული კადრების ის ტყუილები, რომლითაც ის საზოგადოებას კვებდავდა", _ აღნიშნა სააკაშილმა.