ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასა და საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში ნეპოტიზმის ნიშნებთან დაკავშირებით მასალა გამოაქვეყნა.
IDFI-ს მიერ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან (GNCC) გამოთხოვილი საჯარი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ იმ პარლამენტარების ნათესავები, რომლებიც 2013 წლის მაისიდან, ამავე თვის ნოემბრამდე, კომუნიკაციის ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელ საპარლამენტო კომისიაში შედიოდნენ, უწყებაში დასაქმდნენ. IDFI-ის განცხადებით, თავად ის ფაქტი, რომ საქართველოს პარლამენტისა და ამავდროულად GNCC-ის საქმიანობის შემსწავლელი კომისიის წევრთა ახლო ნათესავები სწორედ იმ უწყებაში დასაქმდნენ, ვის საქმიანობასაც სწავლობდნენ, კითხვის ნიშნებს აჩენს. ორგანიზაცია აღნიშნულ ფაქტებში ნეპოტიზმის ნიშნებს ხედავს.
"GNCC-ს მიერ IDFI-ისთვის 2015 წლის 16 მარტს მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2012 წლიდან დღემდე კომისიის აპარატში მიიღეს 51 ახალი თანამშრომელი. აღმოჩნდა, რომ დასაქმებულთა შორის რამდენიმე პარლამენტის წევრის ნათესავია. ქვევით წარმოდგენილი იქნება ჩვენ მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგები, რომლის მიზანიც იყო გამოგვერკვია, თუ რამდენად ობიექტურად ხდება სამსახურში მიღება კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში და აქვს თუ არა ადგილი პროტექციით დასაქმებას და ნეპოტიზმს ამ უწყებაში.
როგორც ცნობილია, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შესწავლის მიზნით, პარლამენტში შექმნილმა საგამოძიებო კომისიამ მუშაობა 2013 წლის მაისში დაიწყო და ამავე წლის ნოემბერში დაასრულა. ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევის ფარგლებში გაირკვა, რომ საგამოძიებო კომისიის ერთ-ერთი წევრის, საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, ანი მიროტაძის ძმის ცოლი, თამარ გოშუა უკვე 2014 წლის თებერვალში GNCC-ს სამართლებრივ დეპარტამენტში არასაშტატო სპეცილისტის პოზიციაზე დაინიშნა. მანამდე, თამარ გოშუა საინფორმაციო სააგენტო „პირველის" ერთ-ერთი მფლობელი და დირექტორი იყო. 2011 წლის 6 იანვარს, პოლიტიკაში წასვლის შემდეგ, ანი მიროტაძე დირექტორის თანამდებობაზე სწორედ თამარ გოშუამ შეცვალა. კომპანიის წილი კი საკუთარ ქმარს ლევან მიროტაძეს გადასცა.
სააგენტო „პირველის" დირექტორის პოზიცია თამარ გოშუამ 2013 წლის აგვისტოში დატოვა და საკუთარი წილიც გაასხვისა. 2014 წლის თებერვალში კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, GNCC-ში დაიწყო მუშაობა. 6 თვის გასვლის შემდეგ, მას კონტრაქტი კომისიაში კიდევ ექვსი თვით გაუგრძელეს, ერთწლიანი მუშაობის შემდეგ ის შტატში არ ჩაუსვამთ, მაგრამ 2015 წლის თებერვალში თამარ გოშუას კონტრაქტი კიდევ ერთხელ გაუხანგრძლივეს.
თამარ გოშუას მსგავსად, თებერვალში კომისიაში ასევე დაიწყო მუშაობა არჩილ მაკარიძემ, საგამოძებო კომისიის კიდევ ერთი წევრის და პარლამენტის დეპუტატის, ირაკლი ტრიპოლსკის სიძემ. ის ტრიპოლსკის შვილის, სალომე ტრიპოლსკის ქმარია. არჩილ მაკარიძეც GNCC-ის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტში, როგორც არასაშტატო სპეციალისტი, ისე დასაქმდა. ივლისში, 6 თვის ვადის გასვლის შემდეგ, არც არჩილ მაკარიძე გამხდარა კომისიის საშტატო თანამშრომელი, თუმცა, თამარ გოშუასგან განსხვავებით, ის სხვა, ინფორმაციულ-ანალიტიკურ დეპარტამენტში კვლავ არასაშტატო სპეციალისტად გადაიყვანეს", – ნათქვამია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ გამოაქვეყნებულ ინფორმაციაში.