"სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის, რისი მიზანიც კოოპერატივის შიდა საწარმოო ურთიერთობების მოწესრიგებით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის გამართული მოდელის შექმნაა, რომელიც წევრთა შრომითი რესურსების კაპიტალიზაციის გააქტიურებაზე იქნება მიმართული.
კანონში ცვლილების შედეგად, კოოპერატივის საქმიანობაში რამდენიმე ახალი ცნება შემოდის.
ამასთან, კოოოპერატივების განვითარების სააგენტოს უფლება ექნება, სახელმწიფო გრანტები თავადაც გასცეს.
დღეს მოქმედი კანონმდებლობით, სააგენტო გრანტის გამცემი სუბიექტი არ არის, რის გამოც, თავისი პროგრამების განხორციელებისათვის გარკვეული დამაბრკოლებელი გარემოებები იქმნება.
"ჩვენი სურვილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიეცეს კოოპერატივებისთვის სახელმწიფო გრანტის მიცემის უფლებები, რომ ამით უფრო მეტად შეეწყოთ ხელი კოოპერატივებს მათი განვითარებისათვის", _ აღნიშნავს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი მიშელაძე "გურია ნიუსთან" საუბრისას.
მისივე თქმით, დღეს მოქმედი კანონმდებლობით, კოოპერატივის წევრმა მოგების 15% სარეზერვო ფონდში უნდა ჩარიცხოს. რაც იმისთვისაა გათვალისწინებული, რომ წაგების შემთხვევაში კოოპერატივმა ფუნქციონირება არ შეწყვიტოს.
"დღეს განსაზღვრული არ არის სარეზერვო ფონდი, რა წესით შეიძლება განკარგონ კოოპერატივის წევრებმა, სწორედ ამ წესს დაადგენს ახალი ცვლილებები", _ განმარტავს მიშელაძე.