თუ ბუნებრივი გაზის, ელექტროენერგიის ან წყალმომარაგების კომპანია კომუნალურ ქსელებში არ გრთავთ და თქვენს საჩივრებზე არ რეაგირებს, ერთ-ერთი გამოსავალი საქართველოს წყალმომარაგებისა და ბუნებრივი რესურსების ეროვნული კომისიისთვის ან კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული საზოგადოებრივი დამცველის სამსახურისთვის მიმართვაა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია თქვენს საკითხს განიხილავს და პრობლემის მოგვარებაშიც დაგეხმარებათ.
საკითხში უკეთ გასარკვევად, "გურია ნიუსი" გთავაზობთ რამდენიმე საშუალებას, რითაც თქვენი უფლებების დაცვას შეძლებთ.
იცით თუ არა, რომ…
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულ კომისიას დადგენილებების საფუძველზე განსაზღვრული აქვს ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების საფასურები და ვადები. თუ ენერგოკომპანია, ბუნებრივი აირის მიმწოდებელი ან წყალმომარაგების კომპანია დაკისრებულ მოვალეობას აღნიშნულ ვადებში ვერ ახორციელებს, სემეკმა დავა შესაძლოა თქვენს სასარგებლოდაც გადაწყვიტოს.
მაგალითად, თუ თქვენ ახალი აბონენტი ხართ და ქსელზე მიერთება გაზგამანაწილებელმა კომპანიამ 40 დღის განმავლობაში არ განახორციელა, ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიერთების საფასური 200 ლარამდე შეგიმცირდებათ.
მსგავსი შეღავათები მოქმედებს დაზარალებული მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის ან წყალმომარაგების დროულად მიუწოდებლობის შემთხვევაშიც.
იმისთვის, რომ ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე ახალი აბონენტი მიაერთონ, მიერთების მსურველმა შესაბამისი განაცხადით უნდა მიმართოს განაწილების ლიცენზიატს.
განაცხადის ფორმა დამტკიცებულია სემეკის მიერ, რომლის მოძიებაც შესაძლებელია კომისიის ვებ–გვერდზე http://www.gnerc.org/uploads/433.pdf. ასევე, განაცხადის ფორმა მოქალაქეს მიეწოდება გაზგამანაწილებელ კომპანიაში.
გაზგამანაწილებელი კომპანია ვალდებულია განაცხადის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში დაადგინოს განაცხადის სრულყოფილება და განმცხადებელს დაუყოვნებლივ აცნობოს პასუხი. ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, უარი უნდა იყოს დასაბუთებული. თუ განაცხადში გამოვლინდება ხარვეზი, ლიცენზიატს შეუძლია ის დატოვოს განუხილველად.
თუ განაცხადი არ არის შევსებული სრულყოფილად ან სტანდარტული ფორმის დაცვით, ასეთ შემთხვევაში მსურველმა ხელახლა უნდა წარადგინოს განაცხადი.
თუ 5 დღის ვადაში განმცხადებელს პასუხი არ ეცნობება, განაცხადი ავტომატურად დამტკიცებულად ჩაითვლება.
განაცხადის დამტკიცების შემდეგ, განაწილების ლიცენზიატი განმცხადებელს დაუყოვნებლივ ანიჭებს აბონენტის ნომერს და ატყობინებს მას.
მას შემდეგ რაც მიენიჭება აბონენტის ნომერი და ამის შესახებ ეცნობება, განმცხადებელმა 3 სამუშაო დღის ვადაში უნდა გადაიხადოს ქსელზე მიერთების საფასურის 50%, ხოლო დარჩენილი თანხა უნდა გადაიხადოს ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყებიდან 5 სამუშაო დღეში (თუ მხარეები წერილობით არ არიან შეთანხმებულნი გადახდის სხვა პირობებზე).
0-6 კუბ.მ/სთ სიმძლავრის ახალი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური განაწილებულია 16 თვეზე, შესაბამისად, განმცხადებელი ყოველთვიურად იხდის 25 ლარს. პირველი შენატანი უნდა გაკეთდეს განაცხადის დამტკიცებიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში, ხოლო დარჩენილი თანხა –ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყებიდან 15 თვის განმავლობაში.
ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდი მოიცავს პერიოდს განაცხადის მიღებიდან ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყებამდე.
თუ ახალი მომხმარებელი არ იმყოფება ადგილზე, ან მისი შიდა ქსელი არ არის მზად მიერთებისათვის, ლიცენზიატი ვალდებულია შეადგინოს მრიცხველის ექსპლოატაციაში გაშვების აქტი და მრიცხველი დალუქოს. ასეთ შემთხვევაში გაზით მომარაგების თარიღად ჩაითვლება მრიცხველის ექსპლოატაციაში გაშვების აქტის შედგენის თარიღი. გაზით მომარაგება დაიწყება ახალი მომხმარებლის წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.
განაწილების ლიცენზიატის მიერ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის ვადების დარღვევის შემთხვევაში მიერთების საფასური შემცირდება–განახევრდება.
თუ ქსელზე მიერთების პერიოდის ვადის დარღვევა გამოწვეულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (თანხმობის ან ნებართვის გაცემის ვადების დარღვევა), ასეთ შემთხვევაში გადაცილებული დღეები ლიცენზიატს არ ეთვლება ვადის დარღვევად. ვადის ასეთი გაჭიანურების შესახებ განაწილების ლიცენზიატმა უნდა აცნობოს განმცხადებელს.
ახალი მომხმარებლის მხრიდან საფასურის გადახდის ვადების დარღვევის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია გადასახდელი თანხა ასახოს ამ მომხმარებლის დავალიანებაში.
კალკულატორი
ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების გამანაწილებელ ქსელებზე მიერთების საფასურის გამოანგარიშება და პროცედურების შესახებ ინფორმაციების მიღება მომხმარებელს გამარტივებულ რეჟიმში, სემეკის ვებ-გვერდზე WWW.GNERC.ORG შეუძლია.
ვებ გვერდზე მოცემულია შესაბამისი დირექტორია "ქსელზე მიერთების საფასური", რომელშიც განთავსებულია კალკულატორი. კალკულატორი იძლევა საშუალებას მოქალაქეებმა აირჩიონ ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების ქსელებზე ახალი მომხმარებლის მიერთების პაკეტები.
გამოიანგარიშონ მომსახურების საფასური და შესაბამისი სამუშაოებისათვის განსაზღვრული ვადები. ინფორმაცია მოცემულია როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის.
ქსელზე მიერთების მიმართვიანობა კომპანიებში
კომისიის მეთოდოლოგიური უზრუნველყოფისა და მომსახურების ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის მონაცემებით, 2014 წლის 5 ნოემბრიდან (მას შემდეგ რაც მიერთების საფასური 600 ლარიდან 400 ლარამდე შემცირდა) 2015 წლის 25 იანვრამდე პერიოდში ბუნებრივი გაზის ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთებასთან დაკავშირებით კომპანიებში მიმართვიანობა გასულ პერიოდთან შედარებით 3-ჯერაა გაზრდილი.
აღნიშნულ პერიოდში შპს "ყაზტრანსგაზ თბილისში", შპს "სოკარ ჯორჯია გაზსა" და სს "საქორგ გაზში" სულ 15 585 განცხადება შევიდა. აქედან, 400-ლარიან პაკეტთან დაკავშირებით 14 955 განცხადება დაფიქსირდა. კერძოდ, საყოფაცხოვრებო მომხმარებლის ქსელზე მიერთების მოთხოვნით, შპს "ყაზტრანსგაზ თბილისს" მიმართა 4080–მა, შპს "სოკარ ჯორჯია გაზს" – 8781–მა, ხოლო სს "საქორგგაზს" – 2094–მა მოქალაქემ.
რაც შეეხება არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლების სტატისტიკას, ამ მიმართულებით 2014 წლის 5 ნოემბრიდან 2015 წლის 25 იანვრამდე პერიოდში შპს "ყაზტრანსგაზ თბილისს" მიმართა 250–მა მოქალაქემ, შპს "სოკარ ჯორჯია გაზს" – 290–მა მოქალაქემ, ხოლო სს "საქორგგაზს" – 90–მამოქალაქემ.
საჩივრების სტატისტიკა
გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთებასთან დაკავშირებით, სემეკმა მიმდინარე წელს განიხილა და დააკმაყოფილა 17 მოქალაქის საჩივარი, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ქსელზე მიერთების ვადების დარღვევას ეხებოდა.
მოქალაქეთა საჩივრების უმეტესობა, ძირითად შემთხვევებში, დაფიქსირდა შპს "ყაზტრანსგაზ თბილისის" წინააღმდეგ და ეხებოდა 400 ლარიან პაკეტს (საყოფაცხოვრებო მომხმარებლის 0-6 კუბ.მ/სთ სიმძლავრეზე მიერთება). მოქალაქეებს საფასური 50%-ით, 200 ლარამდე შეუმცირდათ.
ასევე, კომისიამ მიმდინარე წელს იმსჯელა ელექტროენერგიის ქსელზე მიერთების ვადების დარღვევის გამო შპს "ევრო ბიზნეს ჯგუფისთვის" მიერთების საფასურის – 12 000 ლარის 6000 შემცირებაზეც.
თქვენი უფლებების აღსადგენად შეგიძლიათ მიმართოთ ენერგოომბუდსმენის სამსახურის ცხელ ხაზს ნომერზე: 2 420 180
ან სემეკს Facebook-ის გვერდზე – www.facebook.com/gnerc
ამავე თემაზე:
ვინ იცავს მომხმარებელთა უფლებებს და რა პრობლემები მოგვარდება 2015 წელს