"ბევრი რამ არის ჩვენს ყოფაში გაუკუღმართებული" _ ამის შესახებ პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეში წერია:
"ბევრი რამ არის ჩვენს ყოფაში გაუკუღმართებული: ხშირად ადამიანის სიცოცხლეს იოლად ხელყოფენ, არადა, ადამიანის მკვლელობა უდიდესი ცოდვაა.
უფლება არა გვაქვს, ღვთის მიერ ბოძებული სიცოცხლე წავართვათ ვინმეს.
ასევე უმძიმესი და მკვლელობის ტოლფასი ცოდვაა აბორტი. ამ მომაკვდინებელი დანაშაულის ჩამდენნი არა მხოლოდ მშობლები არიან, არამედ ისინიც, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ ამ ქმედებაში" _ წერია ეპისტოლეში.
პატრიარქი ეპისტოლეში თვითმკვლელობაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ სიცოცხლე უდიდესი წყალობაა:
_ დიდად ვწუხვართ თვითმკვლელთა რიცხვის ზრდის გამო. სიცოცხლე ღვთის უდიდესი წყალობაა და დაუშვებელია ვინმემ თავისი ნებით მოისწრაფოს იგი.
ამ ცოდვის ჩამდენთ ტყუილად გონიათ, რომ სიკვდილით პრობლემებისგან გათავისუფლდებიან და ვერ აცნობიერებენ, რომ თავს მარადიული სატანჯველისთვის წირავენ.
შეიძლება ითქვას, რომ დღეს, ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი შრომას გადაეჩვია.
არადა, შრომა აუცილებელია როგორც ფიზიკური, ისე გონებრივი და სულიერი. მშობლებმა ბავშვობიდანვე უნდა შეაყვარონ შვილებს ეს საქმე. ამასთან, უნდა აღზარდონ ისე, რომ ღვთის სიყვარულთან ერთად სამშობლოს და მოყვასის სიყვარული ასწავლონ.
ასწავლონ სირთულეების დაძლევა და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება.
ჩვენ დიდი იმედით ვუყურებთ ახალგაზრდებს; მართალია, მრავალი მათგანი სერიოზულ შეცდომებს უშვებს ემონება-რა ნარკომანიას, ლოთობას, გარყვნილებას..,
მაგრამ გვჯერა, ღვთის მადლით, ისინი შეიცნობენ ამ ცოდვათა დამღუპველობას და ღმერთს დაუბრუნდებიან; მიხვდებიან, ცხოვრებისეული ჯვარი იმიტომ მოგვეცა, რომ იგი რწმენითა და სიყვარულით ღირსეულად ვატაროთ და ჩვენი ჯვარცმა, – განსაცდელები და პრობლემები, – ჩვენს აღდგომად და ამაღლებად გადავაქციოთ" _ წერია ეპისტოლეში.
ილია მეორის განცხადებით "არასწორმა ცხოვრების წესმა დაარღვია ტრადიციული ურთიერთობებიც".
_ მაგალითად, ქართული სუფრა ყოველთვის იყო სამშობლოს, მეგობრობის, სიყვარულის, თანადგომის, ვაჟკაცობის სადიდებელი, ჭირის სუფრა კი, – გარდაცვლილთა მოსაგონარი და შესანდობარი.
როგორც ერთი, ისე მეორე სერობა იწყებოდა და მთავრდებოდა ღვთის დიდებით.
ახლა კი, ასეთი შეკრებები ხშირად დაუსრულებელ ქეიფად და ღრეობად იქცა, სადღეგრძელოები კი, – ფარისევლურ ქება-დიდებად, რაც უნდა გამოსწორდეს.
რაკი ღვინისა და, საერთოდ, პურობის საკითხს შევეხეთ, აღვნიშნავთ იმასაც, რომ საუკუნეების მანძილზე მევენახეობა და მეხორბლეობა ჩვენი ყოფის განმსაზღვრელ ფაქტორს წარმოადგენდა.
ქართველი კაცი მასში განსაკუთრებულ მნიშვნელობასაც დებდა და ზიარების საიდუმლოს აღსასრულებელ შესაწირად აღიქვამდა.
ამიტომაც ამ კულტურებზე ზრუნვა საუფლო საქმედ მიიჩნეოდა.
ათეისტური რეჟიმის დროს ეს დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა, – უნიკალური ქართული ხორბლის და სავენახე ზოგი ჯიში მთლიანად განადგურდა და მათი ადგილი ჰიბრიდულმა, ნაკლებად შრომატევადმა ჯიშებმა დაიკავა.
ამას დაემატა ღვინის შაქრით ფალსიფიცირება, რაც ადრე ყოვლად წარმოუდგენელი რამ იყო. ასე შეილახა და გაუბრალოვდა საკრალური დატვირთვის მქონე ვენახისა და ხორბლის მნიშვნელობა. მადლობა ღმერთს, დღეს მდგომარეობა უკეთესობისაკენ იცვლება და ამაში გულანთებული უანგარო ადამიანების დიდი ღვაწლია ჩადებული" _ წერია ეპისტოლეში.
ილია მეორე საზოგადოებას მოუწოდებს, რომ ცილისწამება, შეურაცხყოფა დიდი ცოდვაა და ამაზე კარგად დაფიქრდნენ:
_ მინდა ყურადღება გავამახვილო ცოდვისადმი ნელ-თბილი ადამიანის დამოკიდებულების კიდევ რამდენიმე გამოვლინებაზე: ვიღაცას ჰგონია, რომ როცა სხვას შეურაცხჰყოფს, ან ცილს დასწამებს, უმიზეზოდ განურისხდება, ან ბილწსიტყვაობით აჯობებს, ეს დიდი ცოდვა არ არის, – მწარედ ცდებიან.
თუ გავაანალიზებთ, აღმოვაჩენთ, რომ მკვლელობებისა და თვითმკვლელობების ძირითადი მიზეზი არის ვიღაცის გაბოროტებული სიტყვა.
ხშირად ოჯახებიც შელაპარაკების ნიადაგზე ინგრევა; უხეში სიტყვის გამოყენების პრაქტიკამ ჩვეულებრივი ხასიათი მიიღო პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ურთიერთობებში, მასმედიაში. . .
სიტყვა უდიდესი ძალაა. ღმერთი არის სიტყვა; ავი სიტყვა კი, – ეშმაკისეულია. თითოეული ჩვენი ნათქვამი ბუმერანგივით დაგვიბრუნდება _ წერია ეპისტოლეში.