მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების რეიტინგში საქართველოს რესპუბლიკის პასპორტმა 129-ე ადგილი დაიკავა. ფინანსური კომპანია "Arton Capital“ -ის კვლევის თანახმად, ქართული პასპორტით თავისუფლად გადაადგილება მსოფლიოს 59 ქვეყანაშია შესაძლებელი. ამ ინფორმაციას ამერიკული გამოცემა "CNN Money" ავრცელებს.
რეიტინგის სათავეში აშშ და დიდი ბრიტანეთი იმყოფებიან, რომელთა პასპორტიც ყველაზე მეტ, მსოფლიოს 147 ქვეყანაში იძლევა თავისუფლად გადაადგილების საშუალებას.
რეიტინგის სათავეში შემდეგი ქვეყნების პასპორტებია წარმოდგენილი: აშშ, დიდი ბრიტანეთი – 147 ქვეყანა; საფრანგეთი, სამხრეთ კორეა, გერმანია – 145 ქვეყანა;
იტალია – 144 ქვეყანა; დანია, სინგაპური, ფინეთი, იაპონია, ლუქსემბურგი, ნიდერანდები – 143 ქვეყანა; შვეიცარია – 142 ქვეყანა.
ყველაზე სუსტი პასპორტის მქონე ქვეყნები შემდეგი გახლავთ: კონგო, იემენი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, კოსოვო- 41 ქვეყანა; ეკვატორული გვინეა, ბუტანი, კომორის კუნძულები, ბურუნდი – 40 ქვეყანა; სომალი, ერიტრეა – 39 ქვეყანა; ავღანეთი, ჯიბუტი, ერაყი, ეთიოპია, ნეპალი – 38 ქვეყანა; სამხრეთ სუდანი, სოლომონის კუნძულები, პალესტინა, სან-ტომე და პრინსიპი, მიანმა – 28 ქვეყანა.
პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან რეიტინგში ყველაზე მაღალ პოზიციებს ლატვია და ესტონეთი იკავებენ, რომელთა პასპორტს ძალა 134 ქვეყანაში აქვთ, შემდეგი ლიტვა გახლავთ, რომლის პასპორტიც ეფექტური 132 ქვეყანაშია.
ჩვენი მეზობლებიდან საქართველოს შედეგს მნიშვნელოვნად აღემატება თურქეთი, რომლის პასპორტიც მსოფლიოს 108 ქვეყანაში იძლევა თავისუფალი მიმოსვლის საშუალებას. მნიშვნელოვნად უკეთესი შედეგი აქვს რუსეთის ფედერაციასაც, რომლის პასპორტი მსოფლიოს 98 ქვეყანაშია ეფექტური. მცირედით უკეთესია აზერბაიჯანის პასპორტი, რომელსაც მოქმედების ძალა 61 ქვეყანაში აქვს. ჩვენზე უარესი შედეგი აქვს სომხეთს, რომლის პასპორტი მხოლოდ 55 ქვეყანაში იძლევა თავისუფლად გადაადგილების საშუალებას.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საქართველოს მოქალაქის პასპორტი თავისი ძალმოსილებით 59 ქვეყანაშია ეფექტური და ამ მაჩვენებლით ის ინდოეთის პასპორტთან ერთად 129-130 ადგილს იკავებს.
მონაცემების სრულად გაცნობა მითითებულ ბმულზე შეგიძლიათ: http://www.passportindex.org/byRank.php