ჩოხატაურის სამრევლო სკოლამ ცნობილ მწერალს რეზო ჭეიშვილს უმასპინძლა. მწერლის შემოქმედებითი საღამო _ "მუსიკა ქარში“ ამავე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის ნანა მგალობლიშვილის ორგანიზებით მოეწყო.
საღამოზე სამრევლო სკოლის მოსწავლეებმა მწერლის ნაწარმოებებიდან ნაწყვეტები წაიკითხეს, მისთვის მიძღვნილი ლექსებიც გაიხსენეს და თეატრალური სცენაც დადგეს.
რევაზ ჭეიშვილი დაიბადა ქალაქ ქუთაისში 1933 წლის 24 აპრილს. დაამთავრა ქუთაისის ვაჟთა მერვე (VIII) საშუალო სკოლა 1952 წელს. 1954 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის (ქართული ენა ლიტერატურა) ფაკულტეტზე, რომელიც დაასრულა 1958 წელს.
სტუდენტობისას უნივერსიტეტის ალმანახ „პირველ სხივში“ და ახალგაზრდულ ჟურნალ «ცისკარში» გამოაქვეყნა პირველი მოთხრობები.
მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ რედაქტორად, სასცენარო კოლეგიის წევრად, შემოქმედებითი გაერთიანების წევრად და ერთ-ერთ ხელმძღვანელად, პარალელურად მოღვაწეობდა ჟურნალებში „ცისკარი“, „საუნჯე“.
1987 წლის იანვარში გაამწესეს ალმანახ „განთიადის“ მთავარ რედაქტორად მშობლიურ ქალაქ ქუთაისში. მისი რედაქტორობის დროს ალმანახი (ამას კრემლის ნებართვა სჭირდებოდა) გადაკეთდა ჟურნალად და განთიადი რევოლუციური კატაკლიზმების (1988 წლის 9 აპრილი, 1991-93 და მომდევნო წლები) დაწყებამდე გამოდიოდა რეგულარულად, სოლიდური მოცულობითა და დიდი ტირაჟით.
თავმჯდომარეობდა რუსთაველის საზოგადოებას, იმ წლებშივე (1987-1992) დააარსა საზოგადოებრივ-პუბლიცისტური გაზეთი „მოწამეთა“, შემდგომში ილუსტრირებული ჟურნალი „მწვანეყვავილა“.
1992 წელს საქართველოს მწერალთა ყრილობაზე არჩეულ იქნა მწერალთა კავშირის მდივნად, თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, 2000 წლიდან საქართველოს მწერალთა ლიტერატურული ფონდის თავმჯდომარეა, სადაც მსახურობს დღემდე.
1997-98 წლის ორ სეზონს, როგორც დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი უძღვებოდა ლადო მესხიშვილის სახელობის ქუთაისის აკადემიურ თეატრს.
არჩეულ იყო მესამე მოწვევის (1992-1995) პარლამენტის დეპუტატად.
გამოქვეყნებული აქვს მხატვრული წიგნები (ტომეულები, კრებულები და სხვა) მრავალათასიანი (60000) ტირაჟებით ქართულად, რუსულად და უცხო ენებზეც. მისი სცენარების მიხედვით გადაღებულია კინოსურათები.
ერთ-ერთ მათგანს, "ცისფერ მთებს" 1984 წელს მიენიჭა (სცენარისტს, დამდგმელ რეჟისორს, ოპერატორს და სხვა) საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემია; მიღებული აქვს რამდენიმე გამორჩეული ნაწარმოებისა და მთელი შემოქმედებისათვის რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია.
აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო პრემია. 2012 წელს მიიღო პრემია საბა ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.