ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავი ჩოხატაურში განსხვავებულად აღნიშნეს. ტრადიციული მილოცვების და სტალინის ძეგლის ყვავილებით შემკობის შემდეგ, მხარისა და მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა და ვეტერანებმა ნიკო ბერძენიშვილის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გადაინაცვლეს, სადაც 9 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
9 მაისის მნიშვნელობაზე ისაუბრეს ვეტერანებმაც. საბრძოლო ადგილები და ომში გატარებულ დღეები გაიხსენეს:
ტარიელ ჩხიკვაძე: არ არსებობს ასეთი ისტორიული, მნიშვნელოვანი და ღირებული თარიღი. 1945 წლის 9 მაისმა გადაწყვიტა არამარტო საბჭოთა კავშირის ბედი, არამედ მთელი მსოფლიოს. არაკულტურულ სიტყვას ვიტყვი. დურაკია ის კაცი, ერი, ვინც სამამულო ომს და მის მონაწილეებს პატივს არ სცემს და არ დააფასებს.
კოლია ცინცაძე: 9 მაისი მსოფლიოში აღიარებული დღეა და მინდა ყველას მივულოცო.
ნოე გაბუნია: ბერლინში ვარ ნაბრძოლი, ჰიტლერის ბინაც მაქვს ნანახი.
თეიმურაზ ჭიხვინიძე: მეც ბერლინში ვიბრძოდი. მე და ნოე ვიყავით ბერლინში.
გალაქტიონ ჩხიკვაძე: ზღვაში ვბრძოლობდი 9 წელი. 45-ე ბრიგადაში. ეს არ იყო ადვილი.
როგორც ვეტერანებმა აღნიშნეს ასეთი შეხვედრები და იმის შეგრძნება, რომ ისინი ახსოვთ მათთვის ძალიან მნიშნელოვანია:
_ პატარა გოგო ვიყავი, როცა წინდებს ვქსოვდი და ომში ვაგზავნიდი. ამის გამო ბევრი მედალი მაქვს მიღებული ზურგში მუშაობისთვის. მიხარია რომ არ ვავიწყდებით. ერთი პერიოდი არ ვახსოვდით, ახლა ისევ დაიწყეს ჩვენთან შეხვედრები. ეს ძალიან გვიხარია, რადგან არ შეიძლება ამის დავიწყება. თაობიდან თაობას გადაეცემა ის თავგანწირვა, რაც ქართველებმა გაიღეს მეორე მსოფლიო ომში, _ აღნიშნა ვეტერანებთან სტუმრად მყოფმა, ბათუმიდან ჩამოსულმა ექიმმა გინეკოლოგმა ადელინა გოგიბერიძემ, რომელიც წარმოშობით სოფელ ხიდისთავიდანაა და დასძინა, ძალიან კმაყოფილია იმ სითბოთი, რაც ჩოხატაურში დახვდა ვეტერანების საზეიმო მიღებაზე.