როგორც ჩვენთან, ისე არაერთ მედიასაშუალებაში, დიდი ხანია, აქტიურად ისმოდა და ისმის ხმა, ოზურგეთში მეტალურგიული საწარმოს აშენების წინააღმდეგ.
ადგილობრივი ხელისუფლება ამბობს, რომ ეს საკითხი აქ არ წყდება.
28 იანვარს, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ონლაინრეჟიმში აპირებს შპს „არერსა მეტალის“ მიერ, ოზურგეთში მეტალურგიული საწარმოს მშენებლობის პროექტის განხილვას.
როგორც ვთქვით, აქმ საწარმოს აშენების და ექსპლოატაციის წინააღმდეგ, მოსახლეობამ არაერთხელ გამართა საპროტესტო აქცია. ასევე წერილობით არაერთხელ მიმართეს ხელისუფლებას.
ცალკე საუბრის თემაა ის ტერიტორია, სადაც კომუნისტური მმართველობისას მანქანათმშენებელი ქარხანა იდგა. ადგილი ოზურგეთში, თაყაიშვილის ქუჩაზეა, ექადიის დასახლების დასაწყისში. ის ოზურგეთს ეკუთვნოდა და 2004 წელს , საეჭვო მაქინაციით, სოფელ ლიხაურზე გადაფორმდა. ვინც არ იცის, ეგონება, რომ საწარმო სადღაც სოფლის განაპირას ან სულაც მისგან შორს შენდება, რადგან გზშ მასს განიხილავს, როგორც ლიხაურში მშენებარეს.
იქვე, ოციოდე მეტრში კი ანასეულის წყალმომარაგების ჭაბურღილებია განლაგებული.
მოსახლეობა სამართლიანად შიშობს, რომ ეს საწარმო უდიდეს ეკოლოგიურ საფრთხეს შეუქმნის როგორც ამ წყალმომარაგების სათავეს, ისე მთლიანად ოზურგეთის მუნიციპალიტეტშ მცხოვრებ თითოეულ ადამიანს.
სხვადასხვა სტატისტიკური კვლევებისას არაერთხელ ითქვა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებთა შორის ძალიან მაღალია ტყვიის შემცველობა. მცირეწლოვანებშიც კი.
ახლა ოზურგეთის მოსახლეობის წარმომადგენლები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ონლაინ რეჟიმში ამ საკითხის განხილვას.
ირინა საჯაია, ანასეულის მკვიდრი: 28 იანვარს ოზურგეთის მოსახლეობის დიდი გამოღვიძება უნდა მოხდეს. არ შეიძლება ამ პროექტის ინლაინრეჟიმში განხილვა, მოსახლეობის ჩართულობის გარეშე. გაკეთდეს, აშენდეს, რაც ქვეყანას და ხალხს სჭირდება, თუმცა არა საშიში ეკოლოგიური დაბინძურების ხარჯზე. როცა აცხადებენ, რომ უკვე განხილვა ხდება, ეს იმის მანიშნებელია, რომ ხალხს კვლავ არაფერს ეკითხებიან. ამიტომ მიიღებენ უკუშედეგს-პროტესტს.
ავთო ბერიშვილი, ადგილობრივი მკვიდრი: ყველაზე მეტად მეცნიერები იტყვიან თავის სათქმელს. ეს საწამლავი ვერ მოვიშორეთ აქედან. 20 მეტრი მანძილია წყალსადენის ჭაბურღილებამდე. რა განხილვაზეა საუბარი? ინვესტორი კი უნდა მოვიდეს, მაგრამ საქმის საკეთებლად და არა გასაფუჭებლად. არ დაუშვებს ხალხი ამას. გააკეთონ, ააშენონ მოსახლეობისგან შორს და არა ქალაქში.
„გურია ნიუსი“ მალე, კიდევ ერთხელ, ვრცლად შემოგთავაზებთ სტატიას ამ თემაზე. ასევე თვალს მივადევნებთ 28 იანვრისთვის დაგეგმილ პროცესს, რომელსაც ხალხი კატეგორიულად ეწინააღმდეგება.