2015 წლის "მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის" კანონის უზენაესობის ინდექსის თანახმად, საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში პირველ პოზიციას იკავებს, მსოფლიოს 102 ქვეყანას შორის კი ის 29-ე ადგილზეა.
იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს პოზიცია რეიტინგში წინა წელთან შედარებით 2 ერთეულით გაუმჯობესდა. ის უსწრებს ევროკავშირის წევრ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: იტალია, რუმინეთი, საბერძნეთი, ხორვატია, უნგრეთი.
"მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის" კვლევა კანონის უზენაესობის მდგომარეობას მსოფლიოს 102 ქვეყანაში ასახვას. პროექტი იყენებს 47 ინდიკატორს, რომლებიც 9 ფაქტორის გარშემო ჯგუფდება: კორუფციის არარსებობა, ღია მმართველობა, მთავრობის უფლებამოსილების შეზღუდვები, ფუნდამენტური უფლებები, წესრიგი და უსაფრთხოება, აღსრულება (კანონის/გადაწყვეტილების), დანაშაულის დონე, სისხლის და სამოქალაქო მართლმსაჯულება.
ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოს კორუფციის არარსებობის კუთხით აქვს − მსოფლიო რეიტინგში 0.73 ქულით ქვეყანა 22-ე პოზიციას იკავებს. მაღალია ღია მმართველობის მაჩვენებელიც − 29-ე პოზიცია რეიტინგში. ამ მაჩვენებლის თანახმად, საქართველო ლიდერობს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში.
წესრიგისა და უსაფრთხოების ფაქტორის მაჩვენებლის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს მასშტაბით 24-ე ადგილზეა, აღსრულების მაჩვენებლით 25-ე პოზიციას იკავებს, ხოლო სამოქალაქო და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების თანახმად, 26-ე და 35-ე პოზიციებზეა.
კანონის უზენაესობის ინდექსის კვლევის მეთოდოლოგია ექსპერტთა და მოქალაქეთა გამოკითხვას ეფუძნება. ამ მიზნით თითოეულ ქვეყანაში 100 000-ზე მეტი რესპონდენტი და ექსპერტი გამოიკითხა. 2015 წლის შედეგების თანახმად, რეიტინგში დანია ლიდერობს, ნორვეგია და შვედეთი კი მე-2 და მე-3 ადგილებს იკავებენ.