ქ. ოზურგეთში, მოსახლეობის მომსახურების დონის გაუმჯობესებისა და ტურისტული სეზონის დადგომასთან დაკავშირებით, მიზანშეწონილად მიმაჩნია ქუჩებში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში განთავსდეს 20 ერთეული მოსაცდელი და 100 ერთეული სანაგვე ურნა. სამუშაოების მთლიანი საორიენტაციო ღირებულება განისაზღვროს 118 000 ლარით“ _აღნიშნულია მოხსენებით ბარათში, რომელიც ქალაქ ოზურგეთის მერიის ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა მერაბ წივწივაძემ დაწერა.
წივწივაძემ დღეს საკრებულოს სხდომაზე ასევე ისაუბრა, ქალაქ ოზურგეთში, რუსთაველის ქუჩა # 28 -ში მდებარე სპორტკომპლექსის ექსპლუატაციაში გაშვების შესახებ. მისი თქმით, აღნიშნული შენობა საჭიროებს ინვენტარით აღჭურვას, რისთვისაც უნდა გამოიყოს 37 110 ლარამდე თანხა.
აღნიშნულ საკითხებს დეპუტატების ლევან მგელაძის, თამარ ნადირიძის, გოჩა მგელაძისა და გოჩა ძიმისტარაშვილის პროტესტი მოჰყვა.
დეპუტატებს შორის ხმამაღალი საუბარი დაპირისპირებაში გადაიზარდა. მათ ეს ფაქტი წინა ხელისუფლების მიერ გაკეთებულ პროექტებს შეადარეს. როგორც დეპუტატები ამბობდნენ, ქალაქს არ ჰყავს მუნიციპალური ტრანსპორტი, ამიტომ ჯერ უნდა შეიძინონ ტრანსპორტი და შემდეგ გაკეთდეს მოსაცდელები.
საკრებულოს თავმჯდომარე დეპუტატებს სიმშვიდისკენ მოუწოდებდა.
“ ეს ყველაფერი ქალაქისთვის კეთდება, გათვლილია მაღალ სტანდარტებზე“ _ აღნიშნა კობალაძემ.
საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ ფრაქციამ „ ოზურგეთის მომავლისათვის“ ბრიფინგი გამართა.
ლევან მგელაძემ ისაუბრა ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის გამოყოფილ თანხებზე.
“საუბარია 20 მოსაცდელის მოწყობაზე, თითოეულის ღირებულება არის 5000 ლარი, მთლიანი თანხა 100 000 ლარს შეადგენს. მიმაჩნია, რომ ეს არის არამიზნობრივი ხარჯვა. ჩვენ არ გვყავს მუნიციპალური ტრანსპორტი, ამიტომ 100 000 ლარით უნდა შეგვეძინა ტრანსპორტი და შემდეგ გაკეთებულიყო მოსაცდელები. თუ აუცილებელია გაკეთდეს მოსაცდელი, მაშინ 5 ან 6 მოსაცდელიც საკმარისი იქნებოდა იმ ტრანსპორტისათვის, რომელიც ქალაქის ტერიტორიაზე მოძრაობს“ _ აღნიშნა მგელაძემ. მან ასევე ყურადღება გაამახვილა მეორე საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხება სპორტული კომპლექსისთვის ინვენტარის შეძენას.
საკრებულოს დეპუტატმა თამარ ნადირიძემ ბაზრის ტერიტორიის გასხვისებასთან დაკავშირებით ისაუბრა.
მისი თქმით, 4400 კვ.მ. მიწის ფართობზე მერია ითხოვს პირდაპირი განკარგვის წესით პირობითი აუქციონის ჩატარების წესზე თანხმობას. “გაურკვეველია ჩემთვის ეს ფაქტი, ასევე დარწმუნებული ვარ, რომ მოვაჭრეებმა არ იციან ეს ამბავი. ფაქტიურად მერიას ევალება ამ პირობების განსაზღვრა, ჩვენ ვაძლევთ ხმას ისეთ რამეს, რომ არ ვიცით, რა ელოდებათ ხვალ ადამიანებს.“ – აღნიშნა ნადირიძემ.
მისივე განცხადებით, დღევანდელმა ხელისუფლებამ მოსვლისთანავე ბაზრის ტერიტორიის გასხვისება დაიწყო.
“პირველი იყო ის, რომ თავის მეგობრებზე გაასხვისეს. ახლა შენობა -ნაგებობების სასწრაფო წესით გაყიდვაზე ფიქრობენ, ამას აკეთებენ არა 10, არამედ 25-35 წლიანი იჯარით. ჩემი აზრით, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ჩავარდნილი ქალაქის მოსახლეობა. რა პირობებში აყენებენ შემდეგ მოვაჭრეებს, არც ამის შესახებ გვაქვს ინფორმაცია“ _აღნიშნა ნადირიძემ.