დღეს სოფელ ახალდაბასთან მეწყერი ჩამოწვა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, მეწყერმა დააზიანა გაზსადენი, ასევე საავტომობილო გზის ნაწილი, რომელიც უკვე გაწმენდილია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ასევე არ დაზიანებულა საცხოვრებელი სახლებიც.
მომხდარის გამო, სოფელ ახალდაბას გაზმომარაგება შეუწყდა.
სოფელ ახალდაბასთან ჩამოწოლილმა მიწის მასამ მნიშვნელოვნად დააზიანა შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისის" კუთვნილი გაზსადენი, რის გამოც სოფელ ახალდაბას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა.
"გაზსადენი პირველად 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად გამოვიდა მწყობრიდან და მისი რეაბილიტაცია შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისის" ინტენსიური მუშაობის შედეგად რამდენიმე დღეში მოხერხდა. კომპანია გაზსადენის აღდგენით სამუშაოებს დაიწყებს შესაბამისი სამსახურების მიერ გაწმენდითი სამუშაოების დასრულებისთანავე", – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში