გუშინ, ოზურგეთში საზარელი მკვლელობა მოხდა _ იაკობ შემოქმედელის ქუჩაზე, ნათლიის სახლის წინ, საკუთარ ავტომობილში 42 წლის გურამ ფოცხიშვილი და მის დის ქმარი 33 წლის დიმა ომოლჩენკო ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა ჩაცხრილეს.
ჩვენ მიერ მოპოვებული, გადამოწმებული ინფორმაციით გურამ ფოცხიშვილს 10 ტყვია აქვს მოხვედრილი, როგორც ე.წ. „კალაშნიკოვის“ ავტომატიდან, ასევე „მაკაროვის“ სისტემის იარაღიდან.
რაც შეეხება ომოლჩენკოს მას 4 ტყვია აქვს მოხვედრილი _ საერთო ჯამში კი 30-მდე გასროლაა გახორციელებული. ორივე მათგანი ადგილზევე დაიღუპა.
მკვლელობა დღისით, დაახლოებით 12 საათისთვის მოხდა _ საქმეს თვითმხილველები არ ჰყავს.
ამ დროისთვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ შავი, „ჰონდას“ მარკის ავტომანქანა, რომლითაც სავარაუდო მკვლელები გადაადგილდებოდნენ, სოფელ ოზურგეთში, მკვლელობის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრში, მკვლელობიდან ერთ საათში დამწვარი იპოვეს.
დამნაშავეები იმდენად კარგად იყვნენ მომზადებულები, რომ არანაირი კვალი არ დაუტოვებიათ.
ადგილობრივებს არც გასროლის ხმა გაუგიათ:
_ ძლიერი წვიმა იყო და არც სროლის ხმა გაუგია ვინმეს და არც არავის დაუნახავს რა მოხდა, _ აღნიშნავენ „გურია ნიუსთან“ საუბრისას შემოქმედელის ქუჩაზე მაცხოვრებლები.
დაღუპულების ახლობლები ფიქრობენ, რომ ეს შეკვეთილი და კარგად დაგეგმილი მკვლელობა იყო. ამავე ვერსიაზე მუშაობს გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოც, რომელმაც სისხლის სამართლის საქმე 109-ე მუხლით აღძრა, რაც რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
გურამ ფოცხიშვილი კრიმინალურ სამყაროსთან დაახლოებული პირი იყო და ჩვენი წყაროს ინფორმაციით, წლების წინ ე.წ. კანონიერ ქურდებათან დაპირისპირებაც ჰქონდა.
ის 2006 წელს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის და პოლიციისთვის შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს და 25 წელი მიუსაჯეს.
ციხე მან 2013 წელს ამნისტიის კანონის შედეგად დატოვა და როგორც ამბობენ ბიზნესით იყო დაკავებული, თუმცა, როგორც ჩანს ვიღაცამ მასთან ძველი „ანგარიშების გასწორება“ სცადა.
გამოძიების მასალებით იკვეთება, რომ გურამ ფოცხიშვილს ბევრი მტერი ჰყავდა _ მტრების ჩამონათვალში ე.წ. კანონიერი ქურდები და მათთან დაახლოებული პირებიც არიან, მათ შორის ოზურგეთელებიც, რომელთა დაკითხვები პოლიციაში უკვე მიმდინარეობს.
რაც შეეხება ფოცხიშვილის დის ქმარს, დიმა ომოლჩენკოს იგი შემოქმედის ეპარქიაში გაიზარდა. დედმამით ობოლი ბიჭი მეუფე იოსებმა გაზარდა. ომოლჩენკომ სასულიერო პირების გარემოცვაში წლები გაატარა. მის შესახებ ყველას სასიამოვნო მოგენებები აქვს და როგორც ამბობენ, პატიოსანი ახალგაზრდა შემთხვევითობის მსხვერპლი გახდა.
“ოზურგეთელ ბიჭს ვიცნობდი ერთს. დიმა ერქვა. ფაქტობრივად ერთად გავიზარდეთ რასაც ქვია, თუმცა პატარა იყო ჩემზე. სემინარიიდან ზაფხულის არდადეგების პრაქტიკებზე რომ გვანაწილებდნენ სტუდენტებს, მე გურიას ვირჩევდი ხოლმე, მეუფე იოსებთან მივდიოდი ოზურგეთში. იქ გავიცანი და ერთად ვსტიქაროსნობდით მე და დიმა. მეუფე იოსებთან მსახურობდა საკათედროში. დედით და მამით ობოლი იყო. 5 წლის იყო მგონი როცა დაობლდა. მეუფემ იშვილა და გაზარდა, მერე სახლი უყიდა ოზურგეთში და დაოჯახდა კიდეც.
ცოლის ძმა კრიმინალურ სამყაროს წარმომადგენელი იყო, რომელიც მანქანაში ჩაცხრილეს ოზურგეთის ცენტრში და ეს დიმაც ზედ მიაყოლეს, რადგან იქ იყო _ მოწმე მოიშორეს რა.
პატიოსანი ადამიანი მოკლეს მხოლოდ იმის გამო, რომ ფაქტს შეესწრო. ცოლი და 3 წლის შვილი დარჩა,” _ წერს სოციალურ ქსელში კობა სუბელიანი.
დიმას ემოციურ პოსტს უძღვნის შემოქმედის ეპარქიის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ხათუნა ცერცვაძეც:
“მამა ვასილმა აღმოაჩინა პატარა თეთრი საყვარელი ბიჭი. თავისთან ზრდიდა. მერე მეუფემ ნახა და ეტყობა თვალებში რომ ჩახედა დაინახა ამხელა ტრაგედია ელოდა და უნდოდა მისი ფრთის ქვეშ ყოფნით დაეფარა
გაიზარდა შემოქმედის ეპარქიაში, მეუფის ფრთის ქვეშ, ეკლესიის წიაღში. ერთგული და პატიოსანი კაცი დადგა. მშრომელი და სიკეთისმოყვარე. მეუფისგან სითბო, სიყვარული, შრომისმოყვარეობა კარგად შეისწავლა და ასე გვინაწილებდა სიყვარულს ყველას ჩვენი გაზაფხულა.
დედობას იღუმენიები და დედები უწევდა. ყველას შვილივით გულში გვყავდა ჩვენი დიმიკო.
ასე მოვდიოდით ერთად ბევრი წელი. ბედნიერი წუთები და ერთად ყოფნის სიამოვნება გვავსებდა. ყველა ასე ვერთიანდებოდით მეუფის ირგვლივ. უფრო სწორად მეუფე გვაერთიანებდა მის ირგვლივ…
მერე ცხოვრების გზაჯვარედინზე გავედით. დიმიკო დაქორწინდა და ეს იყო ყველაზე ბედნიერი და ლამაზი დღე. ყველა დიმიკოს ირგვლივ ვიყავით და გვინდოდა ყველაფერი საუკეთესო მისთვის ყოფილიყო.
მერე დიმიკომ ეს პასუხისმგებლობა კარგად გაისიგრძეგანა და ოჯახის სარჩენად საზღვარგარეთაც წავიდა. დღედაღამ მუშაობდა ორივე ცოლ–ქმარი, რომ რაიმე შეექმნათ. მერე დაბრუნდნენ სამშობლოში, თავიანთი ბუდე მოაწყვეს და აქაც გააგრძელეს შრომა.
ასე პატიოსნად და დაუზარელად გაჰონდათ ცხოვრების ჭაპანი. დღეს კი, ჩემი საწყალი ბიჭი ასე უმოწყალოდ წავიდა ამ ქვეყნიდან დატოვა სიყვარული და პატარა ბიჭი. ბიჭი, რომელიც მამის ასლია. ბიჭმა, რომელმაც უმამოდ უნდა გაიზარდოს. მართალია, ემახსოვრება საყვარელი მამიკო, მაგრამ მაინც სხვებიდან მოუწევს გაიგოს, როგორი თბილი გული ჰქონდა მის უბედო მამას, როგორი ერთგული იყო, როგორი მშრომელი იყო და სულ პატარა ბიჭმა რაც შეეძლო ყველაფერი დაუტოვა მის შვილს. რაც მთავარია პატიოსანი სული და სახელი დატოვა, მაგრამ მაინც შემთხვევითობის მსხვერპლი გახდა, _ წერს ცერცვაძე.