სამხედრო სავალდებულო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა უკვე დაიწყო. ამ პროცესს კოორდინაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო უწევს.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსის, ედიშერ სიხარულიძის თქმით, გაწვევებს კოორდინაციას ყოველთვის აღნიშნული სამინისტრო უწევდა: _ ჩვენ სამოქალაქო სამსახური ვართ და კოორდინირებას რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტურქურის სამინისტრო გვიწევს. ყოველთვის ასე იყო, _ აღნიშნა სიხარულიძემ.
ოფიციალური ინფორმაციით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი ცენტრალური გამწვევი კომისიის თავმჯდომარეაცაა: _ მიმდინარე წლის გაზაფხულზე, სულ 4 400-მდე წვევამდელის გაწვევა მოხდება, რითაც მთლიანად დაკომპლექტდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის, თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროების მოთხოვნები. ამჟამად, პრეზიდენტის ბრძანებულების მიხედვით, გაწერილი პროცედურების შესაბამისად, მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები და წვევამდელთა სამედიცინო შემოწმება. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, 15 თებერვლიდან, წვევამდელთა ჩარიცხვების პროცესი დაიწყება, P_ აღნიშნა რამაზ ნიკოლაიშვილმა.
სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას 18-დან 27-წლამდე ასაკის მოქალაქეები ექვემდებარებიან, რომლებიც სამხედრო აღრიცხვაზე იმყოფებიან და არ აქვთ გადავადების ან გათავისუფლების უფლება.