დღეს დილიდან ლანჩხუთში ე.წ. "ქსენოვიჩის" ბაზრის მოვაჭრეებმა პროტესტის ნიშნად დახლები გარეთ, ბაზრის წინ მდებარე ტროტუარზე გამოიტანეს.
"არავინ არ შემოდის შიგნით, კლიენტი გარემოვაჭრეებთან არჩევს ვაჭრობას. ჩვენთან ადგილობრივი ხელისუფლებიდან არავინ მოსულა და პროტესტის ამ ფორმით გვინდა მივიქციოთ მათი ყურადღება. ჩვენ არ გვინდა გარეთ დგომა, გვირჩევნია ბაზარში ვივაჭროთ, მაგრამ რა გამოდი? ოთხი კაცი, რომელთათვისაც რატომღაც შეიძლება გარეთ ივაჭრონ, კეთდება. დანარჩენები კი ვალში ვიხრჩობით. გადასახადს ვიხდით, ბანკების ვალებიც გვაქვს, მოგვაქციონ ყურადღება. თუ გარევაჭრობა არ შეიძლება, მაშინ ყველასთვის უნდა იყოს აკრძალული, ამდენი ბაზარია და კაციშვილი არ შედის შიგნით, გარემოვაჭრეები კი გაკეთდნენ. სანამ ამ საკითხს არ მოევლება, შიგნით არ შევალთ, შეიძლება ყველი გარეთ, ნაგევში იყიდებოდეს?! გარევაჭრობა მხოლოდ ერთეულებისთვისაა დასაშვები?! კანონი ყველასთვის ერთნაირად უნდა კანონობდეს"- ამბობენ "ქსენოვიჩის" ბაზრის მოვაჭრეები.
გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის თენგო ხელაძის თქმით, ხვალიდან პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად აპირებს რეიდის მოწყობას და შესაბამისი ღონისძიებების გატარებას.
"ფაქტია რომ კანონიერად არ ხდება გარევაჭრობა, რამდენჯერმე ჩემს თანამშრომლებთან ერთად ადგილზე ვიყავი გასული, მაქსიმალურად ვცდილობთ წესრიგის დამყარებას. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს მათი დაჯარიმების უფლება. სინამდვილეში გარემოვაჭრეებს მაღაზიის ფართები აქვთ დაქირავებული, მაგრამ კანონსაწინააღმდეგოდ გარეთ ვაჭრობენ, ამიტომაც დახმარება ვთხოვეთ უშუალოდ მაღაზიის მეპატრონეებს, რომ გააკონტროლონ ეს სიტუაცია. დღეს გამგებელთან ერთად დავჯდებით და შევიმუშავებთ გეგმას, თუ რა უნდა გაკეთდეს ამ საკითხის გადასაჭრელად" – გვითხრა ხელაძემ.