საბერძნეთის ციხის საავადმყოფოდან გაუჩინარებული როლანდ ჯინჭარაძის ადგილსამყოფელი უკვე ცნობილია.
აღნიშნული ინფორმაცია „გურია ნიუსს“ ავადმყოფი პატიმრის დედამ, მზეო ჯინჭარაძემ მიაწოდა.
მისი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროდან მას შემდეგ დაუკავშირდნენ, რაც შვილის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
"საგარეო საქმეთა სამინისტროდან ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ დამიკავშირდნენ. საკონსულომ შეძლო, ჩემი შვილის ადგილსამყოფლის დადგენა. როგორც ვიცი, ის საავადმყოფოში იმყოფება", _ ამბობს მზეო ჯინჭარაძე.
მისივე თქმით, მისი მთავარი მიზანი ახლა საბერძნეთში წასვლა და შვილის საქართველოში ჩამოყვანაა. ის საბერძნეთის ვიზის უქონლობის გამო წასვლას ვერ ახერხებს.
"ჩემი მთავარი მიზანია საბერძნეთში წავიდე და ჩემი შვილი ჩამოვიყვანო. უკვე მესამე კვირაა, ვიზას ვითხოვ, მაგრამ უშედეგოდ. მინდა საბერძნეთში ჩავიდე, რომ როგორმე შვილი გამოვაჯანმრთელო. არ მინდა უცხო მიწაზე, ფაქტიურად ქუჩაში დაიღუპოს," _ ამბობს მზეო ჯინჭარაძე და დასძენს, რომ მის შვილს ტუბერკულოზის მძიმე ფორმა აქვს.
როგორც ცნობილია, როლანდ ჯინჭარაძის კვალი საბერძნეთის ციხის საავადმყოფოდან დაახლოებით 2 კვირის წინ გაქრა. მისი გაუჩინარების შესახებ საქართველოში მცხოვრებმა მშობლებმა კონსულისგან შეიტყვეს. მიუხედავად არაერთი მიმართვისა, ჯინჭარაძის დედას საგარეო საქმეთა სამინისტროდან არავინ დაკავშირებია მანამ, სანამ ინფორმაცია პრესაში არ გამოქვეყნდა.
ამავე თემაზე:
რა ვითარებაში დაიკარგა საბერძნეთის ციხიდან ქართველი ახალგაზრდა