საფრანგეთის პრეზიდენტი, ფრანსუა ოლანდი აცხადებს, რომ შესაძლებელია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მოიხსნას. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტს იმედი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეულმა პროგრესმა მისცა.
„პროცესმა ნაბიჯი წინ გადადგა. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას პატივს სცემენ,“_ განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისივე თქმით, თუ დეცენტრალიზაციის მიმართულებით განხორციელებული რეფორმები წარმატებული იქნება, რუსეთისთვის სანქციების მოხსნას მოითხოვს.
„თუ ადგილობრივი არჩევნები ჩატარდება და დეცენტრალიზაციის მიმართულებით რეფორმები წარმატებული იქნება, ამ შემთხვევაში მოვითხოვ რუსეთს სანქციები მოუხსნან,“_განაცხადა ფრანსუა ოლანდმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირის სანქციებმა და შემდეგ რუსეთის ემბარგომ ბევრი ფრანგული და ევროპული კომპანიები დააზარალა.
მიუხედავად იმისა, რომ სამშვიდობო შეთანხმება მხარეებმა, მინსკში, თებერვალში დადეს, ზაფხულის განმავლობაში ლუგანსკსა და დონეცკში თავდასხმების რაოდენობის ზრდა შეინიშნებოდა.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ აღნიშნა, გასულ კვირას სამშვიდობო შეთანხმება პირველად შესრულდა.
უკრაინის მთავრობის, დასავლეთის ლიდერებისა და ნატო-ს თქმით, არსებობს უტყუარი მტკიცებულებები, რომ რუსეთი ამბოხებულებს სამხედრო ძალთა და შეიარაღებით დაეხმარა. დამოუკიდებელი ექსპერტები, აღნიშნულ ინფორმაციას ბრალდებას უწოდებენ. მოსკოვი კი- უარყოფს და ამტკიცებს, რომ რუსები მოხალისეებს არ ეხმარებიან.
საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთის და უკრაინის ლიდერები სექტემბრის ბოლოს უკრაინაში შექმნილ ვითარებას განიხილავენ.