საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებებით, საპარლამენტო საარჩევნო ზღვარი 5%-დან 4%-მდე მცირდება.
საარჩევნო ბარიერის შემცირება გათვალისწინებულია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში, რომელიც პარლამენტში უმრავლესობის 81 წევრის ხელმოწერით არის წარდგენილი და, რომლის ამოქმედებაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ იგეგმება.
აღნიშნული პროექტის კიდევ ერთი სიახლე არის ის, რომ იგეგმება მოქმედ კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერის გაუქმება, რომლის მიხედვითაც, იმ საარჩევნო სუბიექტებს, რომლებიც პარლამენტის წევრთა მანდატების განაწილების შემდეგ იმაზე ნაკლები რაოდენობის მანდატებს დააგროვებენ, ვიდრე საპარლამენტო ფრაქციის შექმნისათვის არის საჭირო, მანდატები ფრაქციის შექმნისთვის საჭირო მინიმალურ რაოდენობამდე უნდა შეევსოთ. პროექტის მიხედვით, აღნიშნული ნორმა კონსტიტუციიდან ამოდის და მასში იწერება, რომ პოლიტიკურ გაერთიანებებსა და საარჩევნო ბლოკებს შორის პარლამენტის წევრთა მანდატები მიღებული ხმების პროპორციულად ნაწილდება.
"აღნიშნული ნორმა ამოღებულია, რადგან ამ ნორმის შესაბამისად, პარტია, რომელმაც 6 მანდატზე ნაკლები მიიღო და ფრაქციას ვერ ქმნის, მას დამატებითი მანდატები უნდა მისცენ 6-მდე შესავსებად. ცხადია ეს იმათ ხარჯზე უნდა მოხდეს, ვისაც კანონიერად მეტი მანდატი ეკუთვნის, რაც სამართლიანი არ არის. ამიტომაც ეს ნორმა ამოვიღეთ. სამაგიეროდ, შევამცირეთ საარჩევნო ზღურბლი", _ განუცხადა "ინტერპრესნიუსს" პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ.
საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების ძირითად სიახლეს მაჟორიტარული სისტემის გაუქმება და საპარლამენტო არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით, მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების მიხედვით ჩატარება წარმოადგენს, რაც 2016 წლის შემდგომი არჩევნებისთვის უნდა მოხდეს.