თურქულმა სამხედრო თვითმფრინავებმა ერაყში ქურთისტანის მუშათა პარტიის მეამბოხეთა ბაზებზე საჰაერო იერიში მიიტანეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, F4 -ითა და F16-ით განხორციელებული 6 საათიანი საჰაერო იერიშის შედეგად 34 ქურთისტანის პარტიის მეამბოხე დაიღუპა.
როგორც ცნობილია, სოფელ დაგილიცაში ერაყის საზღვართან ახლოს, ორი თურქული სამხედრო მანქანა დამონტაჟებული ბომბის შედეგად აფეთქდა. შემთხვევას 16 თურქი სამხედრო ემსხვერპლა, რის შემდეგაც, თურქებმა ქურთისტანის მუშათა პარტიის მეამბოხეთა ბაზების დაბომბვა დაიწყეს.
1984 წლიდან დღემდე, რაც ქურთისტანის მუშათა პარტიამ შეიარაღებული კამპანია დაიწყო თურქეთში დამოუკიდებელი ქურთული სახელმწიფოს აღდგენის მოთხოვნით, შეტაკებების შედეგად 40 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.