არსებული საარჩევნო სისტემის შეცვლის და კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელების მიზნით, არასაპარლამენტო და საპარლამენტო პოლიტიკური გაერთიანებები ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ.
საუბარია 200 000 ხელმოწერაზე, რომლის საფუძველზეც კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელება უნდა დაიწყოს.
ამ მიზნით, იქმნება 10-კაციანი საინიციატივო ჯგუფი, რომლის ფორმირების თაობაზე ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებები "თბილისი მარიოტში" არიან შეკრებილი. შეხვედრაზე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც იღებენ მონაწილეობას.
"საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, საექსპერტო წრეებმა ხელისუფლებას მივმართეთ, რომ განხორციელდეს საკონსტიტუციო ცვლილება და არსებული საარჩევნო სისტემა შეიცვალოს, რადგან ის არის უვარგისი, მაგრამ ხელისუფლება დაყრუვდა, მას არ ესმის არც ოპოზიციის, არც არასამთავრობო სექტორის, არც საექსპერტო წრეების და არც საერთაშორისო ორგანიზაციების. ხელისუფლება გვპასუხობს, რომ ის ამ ცვლილებას 2016 წლისათვის არ განახორციელებს. საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების ორი გზა არსებობს, ეს არის ან 76 დეპუტატის ხელმოწერით პროცედურის დაწყება ან პროცედურის 200 000 ამომრჩევლის ხელმოწერით დაწყება. რადგან ხელისუფლება დაყრუვდა და ჩვენი არ ესმის, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ საკუთარი ამომრჩევლის ხმა გავაგონოთ. ამიტომ მივმართავთ პარლამენტს რათა 200 000 ხელმოწერის შეგროვების პროცედურა დავიწყოთ", _ განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა კაციტაძემ.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხათუნა გოგორიშვილი კი აცხადებს, წინასაარჩევნოდ "ქართულ ოცნებას" პროგრამაში ეწერა, რომ საარჩევნო სისტემა დაუყოვნებლივ შეიცვლებოდა, თუმცა სამი წლისთავზე "ქართული ოცნება" ამის განხორციელებას არ აპირებს და სისტემის შეცვლას 2020 წლისათვის გეგმავს.
"ამ ხნის განმავლობაში ყველა ოპოზიციური პარტია, ექსპერტი, არასამთავრობო ორგანიზაცია ერთხმად არიან იმ აზრზე, რომ არსებული საარჩევნო სისტემა შეიცვალოს და მაჟორიტარული სისტემა აღარ იყოს. თუმცა, დღევანდელი ხელისუფლება პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობოების და ექსპერტების მოსმენას არ აპირებს და მათი მოსაზრება არ აინტერესებს. მათ აქვთ მიზანი, რომ როგორღაც ხელისუფლებაში ყოფნა გაიხანგრძლივონ. იციან რომ ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ", _ აღნიშნა გოგორიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აქამდეც ითხოვდნენ, თუმცა ამ დრომდე ხელმოწერების შეგროვება არ დაწყებულა.
საინიციატივო ჯგუფი, რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებისათვის ამომრჩეველთა ხელმოწერების შეგროვება უნდა დაიწყოს, პარლამენტმა უნდა დაარეგისტრიროს.