"გურია ნიუსისთვის" უკვე ცნობილი ხდება გურიის გუბერნიაში ჩატარებული კონკურსის შედეგები და ახალ თანამდებობზე დანიშნული საჯარო მოხელების ვინაობა.
გურიის გუბერნიაში საკონკურსო – საატესტაციო ციებ – ცხელება დაახლოებით 2 თვის განმავლობასი მიმდინარეობდა.
როგორც გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე " გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, ის პასუხს ვერ გაგვცემს, რადგან გუბერნიაში საკადრო პოლიტიკას მისი მოადგილე სოსო ერქომაიშვილი კურირებს:
"მიმართეთ ბატონ სოსოს, რადგან ის იყო საკონკუროს- საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე, მე არც არავის განთავისუფლებასა და არც დანიშვნაში არ ჩავრეულვარ, არ მიმიღია ამ პროცესებში მონაწილება", – გვითხრა სალუქვაძემ.
გურიის გუბერნატორის მოადგილის, საკონკურსო – საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის სოსო ერქომაიშვილის განცხადებით, გუბერნიაში გამოცხადებულ 9 ვაკანსიაზე 151 აპლიკნატს ჰქონდა განაცხადი შეტანილი, აქედან მეორე ეტაპზე 131 პირი გადავიდა.
გუბერნიის აპარატში კონკურსის საფუძველზე დასაქმებული საჯარო მოხელეების სია ასეთია:
გუბერნიის აპარატის უფროსის მოადგილე ანა კიშინსკი იქნება, მთავარ სპეციალისტად შესყიდვებში მარიამ დიდმანიძე იმუშავებს, ხოლო მთავარი სპეციალისტი კვლევა – ანალიზის დარგში ნესტორ რამიშვილი იქნება. რამიშვილს, ერქომაიშვილის განმარტებით ტყის თემატიკასთან დაკავშირებული საკითხები აქვს ჩაბარებული. ასევე მას ეხება, ტყიდან პირველადი და მეორადი მასალების დამზადებასა და გამოტანასთან დაკავშირებით პროექტების განხორციელება და აღნიშნული საკითხების კოორდინირება. აპარატში, უფროსი სპეციალისტი ბუღალტერი – თამარ გიორგაძე იქნება, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში უფროსი სპეციალისტად სოფო კაშია დაინიშნა, ტეკნიკური მიმართულებით კი , მნე – ბადრი კვირკველია.
რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან სამსახურის უფროსს, ამ პოსტზე რევაზ ჯანელიძე დაინიშნა, ხოლო უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე გოჩა ჯაში; სპეციალისტად ნანი ჯახუტაშვილი -გოგელია.
როგორც ერქომაიშვილი " გურია ნიუსთან" აღნიშნავს გუბერნიაში სხვა საკადრო ცვლილებები გუბერნიაში არ იგეგმება.
კითხვაზე _ როგორ გეგმავს ადგილობრივი ხელისუფლება "ქართული ოცნების" მხარდამჭერებისა და წევრების დასაქმებას, რომლის პირობაც "ოცნების" აღმასრულებელ მდივანს რამდენიმე დღის წინ მისცეს _ ერქომაიშვილს კონკრეტული პასუხი არა აქვს:
"გუბერნიის რგოლი, რომელიც უმაღლესი რგოლია რეგიონში კი მას შეზღუდული აქვს უფლებამოსილება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, სურვილი გვაქვს, რომ გუბერნიაც და ადმინისტრაციული ერთეულები კარგი კადრებით იყოს დაკომპლექტებული, რომ შემდეგ ეფექტური გახდეს მუშაობა. რაც შეეხება ბატონ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას, ეს იყო პოლიტიკური მხარე, კონკრეტულად აქტივთან შეხვედრა, იყო პირველი მოთელვითი შეხვედრა მოსახლეობასთან, მსგავსი შეხვედრები იგეგმება, რომელიც ინტენსიურად გაგრძელდება, ძირითადი ამოცანა იყო მაინც პარტიული სტრუქტურის მშენებლობა, მინდა რომ ამ მიდგომასთან დაკავშირებით უფრო გამოსწორდეს სიტუაცია, ეს იყო კიდეც "ქართული ოცნების" წინა საარჩევნო დაპირებები 2012 წლიდან", _ ამბობს ერქომაიშვილი და იმ პირებს მიმართავს, რომლებიც გუბერნიაში ვერ დასაქმდნენ:
"რაც შეეხება იმას, ვინც ვერ მოხვდნენ გუბერნიაში, მათი დასაქმება აუცილებლად მოხდება, არ გამოვრიცხავ მე ამას. მათ აუცილებლად შევეხმიანები, არცერთი არ დარჩება უყურადღებოდ და მე მათ რესურსს აუცილებლად გამოვიყენებ ", _ აცხადებს ერქომაიშვილი, თუმცა სად დასაქმდებიან ისინი, არ იცის.