შემოდგომის დადგომისთანავე უნდა დავიწყოთ იმ ადგილების განსაზღვრა და ყურადღებით დათვალიერება, სადაც სხვადასხვა ხეხილის დარგვას ვაპირებთ.
შემოდგომის დასაწყისიდანვე მებაღემ ჯერ იმ რაიონის აგროკლიმატური და ნიადაგობრივი პირობები უნდა გაითვალისწინოს, სადაც მისი ნაკვეთი მდებარეობს, რათა სწორად შეარჩიოს გასაშენებელი კულტურა და ჯიში.
ხეხილის გახარება, ზრდა-განვითარება, მოსავლიანობა და სიცოცხლის ხანგრძლივობა დიდად არის დამოკიდებული ნიადაგზე, მის სტრუქტურასა და ნაყოფიერებაზე. სხვადასხვა ხეხილოვანი კულტურები ნორმალური ზრდა-განვითარებისა და მაღალი მოსავლის მისაღებად შესაფერ გარემოს და ნიადაგობრივ პირობებს მოითხოვს. ყველაზე პოპულარული ხეხილის დარგვისას უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი:
ვაშლი _ თუ ვაშლი მაჟალოს საძირეზეა, ის კარგად ხარობს სხვადასხვა ნიადაგზე, დაწყებული მძიმე თიხნარებიდან მსუბუქ ქვიშნარამდე, მაგრამ ყველაზე უკეთესად ითვლება საკმაოდ ტენიანი და კარგად დრენირებული ქვეთიხნარები. ნაგალა საძირეზე დამყნილი ხეხილი, კონკრეტულად ვაშლი, მოითხოვს შედარებით მსუბუქ, ნოყიერ ნიადაგებს.
მსხალი _ თუ მსხალი პანტის საძირეზეა, უკეთესად ხარობს ტენიან, ფხვიერ, ღრმა თიხნარ ნიადაგებზე. მშრალი ნიადაგის პირობებში კი დაბალ მოსავალს იძლევა. ამიტომ, მსხლისთვის მხოლოდ ტენიანი ნიადაგი უნდა შევარჩიოთ.
ალუბალი _ კარგად ხარობს დრენაჟიან (თხრილების, არხების ან მიწისქვეშა მილების საშუალებით დაწრეტილ) ნიადაგზე, თუ ის საერთოდ გამოსადეგია ხეხილისთვის. რა თქმა უნდა, მიწისთვის არასოდეს არ არის ზედმეტი განოყიერება და ამაზე მუდამ უნდა ვიზრუნოთ, საუკეთესო ნიადაგის პირობებშიც კი, რადგან ნიადაგი დროთა განმავლობაში მაინც იფიტება.
შინდი_ ალბათ, შინდი იმ იშვიათ ხეხილოვანთაგანია, რომელიც, კარგად ხარობს თითქმის ყოველგვარ ნიადაგზე. თუმცა მგრძნობიარეა ჭარბტენიანი და დამლაშებული ნიადაგის მიმართ. საუკეთესო ნაყოფს იძლევა როგორც კარბონატულ (ლითონის ნახშირმჟავა ნართებიანი მინერალი), ისე კარბონატებით ღარიბ, ფხვიერ ნიადაგზე.
ალუჩა და ღოღნოშო, შინდის მსგავსად, ნიადაგისადმი ნაკლებად მომთხოვნია. ამიტომ შეგიძლიათ, ნებისმიერი სახის ნიადაგზე მისი მოთავსება.
კენკროვანი კულტურები _ მათი გაშენება ორმხრივაა აუცილებელი და ძალიან სასარგებლო. პირველი, იმიტომ, რომ მოყვარული მებაღეები უზრუნველყოფილი იქნებიან ამ მეტად მაღალხარისხოვანი ადრეული ხილით. მეორეც, შესაძლებელი იქნება ხილის პროდუქციის მიღება მაღალმთიან სოფლებში თუ ცივ რაიონებში, სადაც დაბალი ტემპერატურის გამო, სხვა კულტურული ხეხილი ნაკლებად ხარობს.
მარწყვი, ჟოლო, მოცხარი და ხურტკმელი _ ეს კულტურები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კენკროვანებიდან. საქართველოში მარწყვი გვხვდება ყველგან, დაწყებული ზღვისპირა რაიონებიდან, დამთავრებული მაღალი მთების ალპური ზონით. ჟოლო კი გვხვდება საშუალო ზონის ან მაღალმთიან ტყეებში. მეტად პერსპექტიულია ხურტკმელის, შავი და წითელი მოცხარის გავრცელებაც. რაც მთავარია, კენკროვანი კულტურები განსაკუთრებულ მოთხოვნას არ უყენებენ ნიადაგურ პირობებს. მათ გასაშენებლად ნიადაგი ადრე შემოდგომაზე თუ გაზაფხულზე უნდა დამუშავდეს. მოყვარულ მებაღეებს შევახსენებთ, რომ კენკროვანები დიდ ადგილს არ წაგართმევენ თქვენს ბაღებში, არც დისკომფორტს შეუქმნიან სხვა მაღალტანიან ხეხილოვნებს. ამიტომ, ყველამ უნდა ეცადოს, სადაც ხეხილის ბაღი აქვს, იქ კენკროვანებიც იყოს. ასე ვთქვათ, ღობესავით შემოავლოს ბაღს. კენკროვანთა დასარგავად, მათთვის გამოყოფილი ადგილი ისე უნდა დაგეგმოთ, რომ რიგებს შორის დაშორება 50 სმ იყოს, მცენარეთა შორის კი _ 25 სმ. მარწყვს არ სჭირდება ორმოს ამოღება. მცენარეს მონიშნულ ადგილზე პალოს მეშვეობითაც ჩარგავთ. ჟოლოს, მოცხარს და ხურტკმელს კი პატარა ზომის ორმოები გაუკეთეთ. უკვე აღვნიშნეთ, რომ კენკროვანები ნიადაგის მიმართ განსაკუთრებით მომთხოვნი არ არიან, თუმცა სასურველია, ჩარგვისას ორმო ნაკელშერეული ფხვიერი მიწით შეავსოთ, მცენარეები კი დარგვისთანავე მორწყოთ. შეგახსენებთ, რომ მარწყვს დარგვის სეზონი აგვისტოსა და სექტემბრის დასაწყისშიც აქვს.