თბილისის ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე "სვანიძის ქუჩის დაზარალებულთა კომიტეტის" თავმჯდომარეს, თამაზ ელიზბარაშვილს შეხვდა.
როგორც თბილისის მერიაში გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, ბიზნესმენის მხრიდან დედაქალაქის მთავრობის მიმართ გაჟღერებული ბრალდებები გაუგებრობა იყო და თამაზ ელიზბარაშვილი გაკეთებულ განცხადებებს კომუნიკაციის ნაკლებობას უკავშირებს.
დღესვე ვიცე-მერი "სვანიძის ქუჩის დაზარალებულთა კომიტეტის" წევრებსაც შეხვდა. შეხვედრას ქალაქ თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსი კარლო ლაფერაძეც ესწრებოდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები თბილისის მერიაში ხარჯთაღრიცხვებს უახლოეს დღეებში წარადგენენ, რის შემდეგაც მიყენებული ზიანის სანაცვლოდ დედაქალაქის მთავრობა მათ შესაბამის თანხებს გამოუყოფს. ხოლო მათ, ვინც ხარჯთაღრიცხვები წარადგინა, დახმარებები უკვე მიიღეს.
"სვანიძის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობის ის ნაწილი, რომელთა საცხოვრებელი სახლებიც პირველ კატეგორიას განეკუთვნა თითქმის სრულად დავაკმაყოფილეთ. ამასთან, მიმდინარეობს გარკვეული სამართლებრივი პროცედურები დახმარების გარეშე დარჩენილი ოჯახების დასაფინანსებლად. მოსახლეობის იმ ნაწილს კი, რომლებიც მეორე კატეგორიაში მოხვდნენ და რომელთა სახოვრებლებიც რეაბილიტაციას ექვემდებარება, შესაბამისი დაფინანსება ხარჯთაღირცხვების წარმოდგენის შემდეგ ჩაერიცხება",
_ განაცხადა ვიცე-მერმა, ლაშა აბაშიძემ.
"ის დაძაბული ფონი რაც პრესით და ტელევიზიით გაჟღერდა კომუნიკაციის ნაკლებობამ გამოიწვია. ძალიან შინაარსიანი საუბარი გვქონდა. ვიცე-მერმა ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხები გაგვცა და იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში სვანიძის ქუჩაზე არსებული პრობლემები სრულად მოგვარდება", _განაცხადა "სვანიძის ქუჩის დაზარალებულთა კომიტეტის" თავმჯდომარემ, თამაზ ელიზბარაშვილმა.
დღესვე, "სვანიძის ქუჩის დაზარალებულთა კომიტეტის" წევრების ნაწილი ელიზბარაშვილის მიერ ვიცე-მერთან შეხვედრამდე გავრცელებულ განცხადებებს გაემიჯნა.
"დედაქალაქის მთავრობას უყურადღებობაში, ნამდვილად, ვერ დავადანაშაულებთ, მერია, შეძლებისდაგვარად, ყველა ოჯახს გვეხმარება", _ განაცხადა "სვანიძის ქუჩის დაზარალებულთა კომიტეტის" წევრმა, თამარ გორგაძემ.
კომიტეტის წევრის, ალექსი ზუმბულიძის განცხადებით კი მან მერიაში სამი ხარჯთაღრიცხვა წარადგინა და დედაქალაქის მთავრობამ ყველა მათგანი დააკმაყოფილა.
ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად დაზარალებულ 35 ოჯახს მერიამ 9 460 399 ლარი გადაურიცხა, აქედან, 21-მა ოჯახმა ბინა უკვე შეიძინა.