ცოტა ხნის წინ საფეხბურთო დავების განმხილველმა სპორტულმა ტრიბუნალმა გურიის ფეხბურთის ფედერაციის გამგეობის წევრთა და სფფ-ს მოთხოვნები ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
გადაწყვეტილების თანახმად, უარყოფილი იქნა მოთხოვნა ა(ა)იპ გურიის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის დელეგატად იური ჩხაიძის კანდიდატურის დამტკიცების შესახებ. ასევე გაუქმდა სფფ-ს აღმასკომის 2015 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლის თანახმადაც გურიის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის დელეგატად დამტკიცდა გოჩა ტყებუჩავა.
გურიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი კახა ებრალიძე ამ გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებს და გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ გამორიცხავს:
_ მიმაჩნია, რომ ტრიბუნალის გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან გურიის ფეხბურთის ფედერაციის წესდების მერვე მუხლის თანახმად, სამართლებრივ დავებში ფედერაციას წარმოადგენს პრეზიდენტი. გამგეობის წევრებს არ ჰქონდათ უფლებომისილება იმისა, რომ მინდობილობა ვინმესთვის მიენიჭებინათ (გრფფ-ს გამგეობის წევრებს ადვოკატი გიორგი მელიქიშვილი წარმოადგენდა. ავტ) და შემდეგ ეს განეხილა ტრიბუნალს, რადგან ის ამით გასცდა მის კომპეტენციებს.
ამასთანავე, ხუთი წლის განმავლობაში დამოუკიდებლად, ერთპიროვნულად წარვადგენდი დელეგატებს და არასდროს პრობლემა არ შემქმნია. გოჩა ტყებუჩავას საკითხი მე გავიარე იურიდიული სამსახურის უფროსთან და მითხრა, რომ პრობლემა არ იქნებოდა. უკვე მიკვირს რა ხდება, _ გვითხრა ებრალიძემ.
გურიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მოვლენების განვითარებას ელოდება და ტრიბუნალის გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ გამორიცხავს.
ებრალიძის თქმით, საზოგადოებამ უნდა განსაჯოს იყო თუ არა ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური იმ ფონზე, როცა ტრიბუნალი ფეხბურთის ფედერაციას არ ექვემდებარება და დამოუკიდებელი ორგანოა.
ჯერჯერობით უცნობია როდის მოახერხებს გურიის ფეხბურთის ფედერაცია ახალი დელეგატის წარდგენას, მით უმეტეს, რომ ასეთ შემთხვევებზე წესდებაში არაფერია ნათქვამი.
_ ეს ძალიან სასაცილოა. მაგალითად, თუკი პირს დანაშაულისთვის აქვს წაყენებული მუხლი, რომლის მაქსიმუმი ხუთი წელია, პროკურორს არ შეუძლია მოითხოვოს 7 წელია, რადგან ამის უფლება არა აქვს. ასეა ტრიბუნალის ეს გადაწყვეტილებაც. ტრიბუნალს საერთოდ არ უნდა განეხილა ეს საკითხი და თუ განიხილა, ამ შემთხვევაში ჩემი ან გამგეობის წარმოდგენილი ოქმები უნდა განეხილა. მას არ ჰქონდა უფლება, რომ გამგეობისთვის სხდომის დანიშვნის უფლებები მიეცა. ბევრი სადაო საკითხია რომელიც კითხვის ნიშანს ტოვებს.
_ ბატონო კახა, არჩევნებამდე ცოტა დრო რჩება. თუკი საკითხი ბოლომდე ვერ გაირკვა მოსალოდნელია თუ არა, რომ გურია ხმის მიცემის უფლების გარეშე დარჩეს?
_ შესაძლებელია ეგეც. ყველაფერია შესაძლებელი როგორც ხედავთ.