ვერეს ხეობაში დასამონტაჟებელი გაფრთხილების სისტემები თბილისშია, _ ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, საერთაშორისო ექსპერტების მხარდაჭერით უკვე შესყიდულია და თბილისშია ჩამოტანილი ადრეული შეტყობინების სისტემები, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტროს გადაეცემა და ძალიან მალე მოხდება მათი დამონტაჟება ვერეს ხეობაში, რომ ის გაცილებით უფრო უსაფრთხო იყოს.
"ეს საჭიროა იმისთვის, რომ სტიქიის არსებობის შემთხვევაში ქალაქისთვის ადრევე იყოს ცნობილი. თუმცა, თბილისში ძალიან ბევრი მდინარეა, რომელიც მსგავსი ტიპის საფრთხეებს შეიცავს და მომავალში გვინდა რომ ყველა ადგილზე ეს სისტემები დავამონტაჟოთ.
გარდა ამისა დგას ჰიდროსაინჟინრო ნაგებობების მოწესრიგების საკითხიც, რომელმაც უნდა გაამაგროს ვერეს ხეობა, რომ ასეთი მასშტაბის სტიქიების დროს მასშტაბი გაცილებით დაბალი იყოს", _ განაცხადა ლექვინაძემ.
"გურია ნიუსის" კითხვაზე – კონკრეტულად როდის აპირებენ ადრეული გაფრთხილების სისტემების დამონტაჟებას და მოხდება თუ არა თბილისსა და მის შემოგარენში არსებული მდინარეებისა და მშრალი ხევების მონიტორინგი, ლექვინაძე გვპასუხობს:
"გეთანხმებით, რომ ძალიან ბევრი მდინარე და მშრალი ხევია თბილისში, რომლებიც საფრთხეს ქმნიან, თუმცა ამ ეტაპზე გაფრთხილების სისტემების დამონტაჟება მხოლოდ ვერეს ხეობაში განხორციელდება. დანარჩენი ადგილები უნდა შევისწავლოთ და კვლევის შედეგები გვიჩვენებს სად უფრო იქნება ამ სისტემების დამონტაჟების საჭიროება. კვლევის დაწყების ზუსტ თარიღს ვერ გეტყვით. გადაწყვეტილება არის რომ ეს კვლევა უნდა განხორციელდეს თბილისის შემოგარენში ყველა მდინარეზე", _ განაცხადა ლექვინაძემ.
შეგახსენებთ, რომ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან "გურია ნიუსის" მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, თბილისის ტერიტორიაზე და მის შემოგარენში 150-ზე მეტი მუდმივი მდინარე, პერიოდული მდინარე და მშრალი ხევია; თუმცა, სამინისტროში აცხადებენ, რომ თბილისისა და მისი შემოგარენის დეტალური ჰიდროგრაფიული რუკა არ არსებობს;
როგორც სამინისტროში განმარტავენ, თბილისის ტერიტორიაზე და მის შემოგარენში მდინარე მტკვრის თითქმის ყველა შენაკადის შესართავი დახურულ კალაპოტშია.
რაც შეეხება მათ შემოწმებას, უწყებაში აცხადებენ, რომ საქართველოს ძირითად მდინარეებზე რეგულარულად წარმოებს დაკვირვებები წყლის დონეებზე და წყლის ხარჯებზე. თბილისსა და მის შემოგარენში კი, მდინარე მტკვრის შენაკადებზე ჰიდროლოგიური დაკვირვებები მიმდინარეობდა მხოლოდ ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მდინარე ვერეზე არსებულ ჰიდროლოგიურ სადგურზე, რომელიც სტიქიამ გაანადგურა;
საქმე ისაა, რომ ყველაზე ჩამოყალიბებული მონიტორინგის სისტემა საბჭოთა კავშირის პერიოდში არსებობდა, თუმცა სამინისტროში ამბობენ, რომ "1990-იანი წლებიდან, ფინანსური პრობლემებისგამო, არსებითად შემცირდა ჰიდროლოგიური დაკვირვების პუნქტების რაოდენობა. 2000-იანი წლებიდან კი, სხვადასხვა დონორი ორგანიზაციების და ქვეყნების დახმარებით ჰიდროლოგიური დაკვირვების ქსელის რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს".
ამავე თემაზე:
მდინარეებისგან შექმნილი საფრთხე და ზონები, სადაც მონიტორინგი არ ხორციელდება