პარასკევს, ურეკში პირველი ლიგის გათამაშების ცენტრალური შეხვედრა გაიმართა _ “გურიამ” საჩხერის “ჩიხურა” მიიღო. მატჩის ლანჩხუთიდან ურეკში გადატანის მიზეზი “ევგრაფ შევარდნაძის” მინდვრის სადრენაჟე სისტემის მიმდინარე სამუშაოებია. უკვე მომდევნო საშინაო მატჩს “გურია” საკუთარ არენაზე გამართავს.
რაც შეეხება უშუალოდ ლიდერთა შეხვედრას, მას სატურნირო კუთხით არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან ორივე გუნდმა ვადამდე გაინაღდა საუმაღლესლიგო პლეი-ოფში თამაშის უფლება. თუმცა, შეხვედრას ინტრიგა არ აკლდა _ უნდა გარკვეულიყო, თუ რომელმა გუნდმა გამოიყენა უკეთ ზამთრის შეკრება.
ამ მხრივ ჩვენებურები აშკარად გამოირჩნენ. გიგლა იმნაძის შეგირდებმა მატჩის დასაწყისიდანვე ხელთ იგდეს უპირატესობა და მთელი თამაშის მანძილზე მოახერხეს მისი შენარჩუნება. უკვე დასაწყისშივე შეეძლოთ ჩვენებურებს ანგარიშის გახსნა, მაგრამ ხან ფორვარდები სცოდავდნენ, ხანაც _ მსაჯი. შეხვედრის არბიტრმა მინიმუმ 2-ჯერ არ დასაჯა სტუმრები 11-მეტრიანით, ერთ შემთხვევაში, როცა პენალტი აშკარა იყო, ჩვენებური სიმულაციისთვის გააფრთხილა.
თუმცა “გურიამ” ანგარიში მაინც მალევე გახსნა _ ერთ-ერთი შეტევისას სიტუაციაში ჩინებულად გაერკვა ტარიელ კუკულაძე და ანგარიში გახსნა. მეორე ნახევარში მსაჯს მაინც მოუხდა “გურიის” სასარგებლოდ პენალტის დანიშვნა, როცა გიგა კვერენჩხილაძის ჩინებული პასის შემდეგ რევაზ კუკულაძე კარგ პოზიციაზე გადიოდა, მაგრამ საჯარიმოში მოცელეს. 11-მეტრიანი გია თოდუამ ზუსტად შეასრულა, 2:0.
მორიგ შეხვედრას “გურია” 6 მარტს, წყალტუბოში ადგილობრივ “სამგურალთან” გამართავს. აღსანიშნავია, რომ “ჩიხურასთან” ლანჩხუთელებმა უმეტესობა ახალწვეული ათამაშეს. მათ შორის გახლდათ ანო ჩასემი _ კამერუნელი მობურთალი პირველი აფრიკელია, რომელმაც “გურიის” არსებობის ისტორიაში კლუბის ღირსება დაიცვა. ზოგადად კი, პირველი უცხოელები “გურიაში” 1990 წელს ჩაირიცხნენ _ რიმას მაჟეიკასი და რობერტას ფრიდრიკასი ეროვნული თასის მფლობელები გახდნენ.
აქვე “გურიასთან” დაკავშირებით ერთ ინფორმაციასაც მოგაწვდით _ კლუბმა მეკარე ლევან ბუბუტეიშვილი დაიმატა. იგი ბოლო წლებში სომხეთის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობდა და ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო კიპერი გახლდათ, მაგრამ იმის გამო, რომ სომხეთში ლეგიონერი მეკარის თამაში აიკრძალა, ბუბუტეიშვილი სამშობლოში დაბრუნდა. “გურიამ” მასთან კონტრაქტი მაისის ბოლომდე გააფორმა. ახალი გოლკიპერი კლუბის ღირსებას უკვე მომდევნო თამაშიდან დაიცავს.
ასევე წარმატებით ასპარეზობს კიდევ ერთი გურული კლუბი _ ოზურგეთის “მერცხალი”. ჩვენებურებმა უკვე 2 შეხვედრის გამართვა მოასწრეს _ ჯერ გამოტოვებულ შეხვედრაში ტყიბულის “მეშახტეს” ხონში 1:0 მოუგეს, ხოლო პარასკევს ზონის ლიდერ ბათუმის “დინამოსაც” იგივე ანგარიშით აჯობეს. ჩვენებურებს 6 მარტს უპრინციპულესი მატჩი აქვთ ხარაგაულში “ჩხერიმელასთან” _ ბოლო ტურის შეხვედრაში “მერცხალს” ქულაც ყოფნის საუმაღლესლიგო პლეიოფში რომ მოხვდეს.