სუფსის თემის მოსახლეობის მიერ პირველი ოქტომბრისთვის დაანონსებულ ფართომასშტაბიანი აქცია, სავარაუდოდ ერთი თვით გადაიდო. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ალეკო ევგენიძის თქმით, მათ მორატორიუმი ერთი თვით გამოაცხადეს და იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების მხრიდან სათანადო რეაგირება არ მოხდება, პირველ ნოემბერს მოსახლეობა ისევ შეიკრიბება და აქციებს გააგრძელებს.
"საქმეში აქტიურად ჩაერთნენ ადგილობრივი თვითმმართველობისა და გუბერნიის წარმომადგენლები და მივედით იმ გადაწყვეტილებამდე, რომ პირველ ოქტომბერს დაგეგმილი აქციისთვის მხოლოდ საინფორმაციო სახე მიგვეცა. მოსახლეობა ხელისუფლების მიმართ საკმაოდ დიდ დათმობაზე წავიდა, დღეიდან პიკეტირებას მოვხსნით სუფსის ადმინისტრაციის სოფელ ახალსოფელში, იქ სადაც ავტობანის მშენებელი ჩინური კომპანია "china railway 23rd" – ის ოფისი მდებარეობს და შემდგომ დღეებში ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება ავტობანზე სამშენებლო სამუშაოები.
მინდა ვთქვა, რომ მოსახლეობამ საკრებულოს თხოვნით, რომ მოეწვიათ რიგგარეშე სესია და შექმნათ სპეციალური დროებითი კომისია, ჯერ კიდევ შვიდ აგვისტოს მიმართა, თუმცა გადაწყვეტილება კომისიის შექმნასთან დაკავშირებით მხოლოდ გასულ კვირას მიიღო საკრებულომ, მას შემდეგ რაც ეს "დაკრძალვის" აქცია დავაანონსეთ.
ეს კომისია შეისწავლის და დადებს რეალურ მონაცემს 2010 წლიდან დღემდე როგორც ფიზიკური პირის მიერ, ასევე აუქციონის წესით გაყიდული მიწის შესახებ. ასევე საყანე ფართობებში, ადგილზე აღწერენ რეალურად რა რაოდენობის მოსავლის მიღებაა შესაძლებელი ერთ კვ.მ-ზე. ასევე დაფიქსირდება ის ფართობებიც, რომლებიც ბოლო წლები არ დამუშავებულა.
ჩვენი ინფორმაციით, კომისია დასკვნას 10-15 დღეში წარმოადგენენ, შემდგომ თვითმმართველობის წარმომადგენლები გვპირდებიან, რომ კომისიის მიერ დადებულ დასკვნითურთ უზრუნველყოფენ ჩვენს შეხვედრას მინისტრ ნოდარ ჯავახიშვილთან.
ჩვენი მხრიდან საკმაოდ გონივრული ვადა იქნა მიცემული და ხელისუფლების მხრიდანაც ველოდებით ადეკვატურ ნაბიჯებს. დაველოდოთ პირველ ნოემბერს" -განაცხადა ევგენიძემ.