27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ლანჩხუთის გამგეობამ აფხაზეთის კონფლიქტისა და აგვისტოს ომის მონაწილეებს ერთჯერადი დახმარება გაუწია. მანამდე კი, "2015 წლის სოციალური პროგრამების დამტკიცების შესახებ" 30 იანვრის #6 განკარგულებაში, საკრებულოს წევრთა თანხმობით, ცვლილება განახორციელა, რასაც საკრებულოს წევრთა მხრიდან აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.
საქმე ისაა, რომ აღნიშნული ცვლილების თანახმად, მუნიციპალიტეტმა ერთჯერადი დახმარების სახით, 100-100 ლარი გადასცა აფხაზეთის კონფლიქტში დაღუპულთა ოჯახებს, ხოლო 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს _ 300-300 ლარი. ცვლილების შესაბამისად, ამ სოციალური პროგრამის მიღმა დარჩა გიორგი ლომაძის ოჯახი, რომელიც სამაჩაბლოში 2004 წელს დაიღუპა.
სოფელ ლესის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჭიჭინაძე: "ლესაში სკოლა გიორგი ლომაძის სახელს ატარებს, მთელი სოფელი ამაყობს ამ ბიჭით. ეს ოჯახი აქამდე სარგებლობდა ამ პროგრამით და ახლა უხერხული სიტუაცია იქმნება. არასწორად მიმაჩნია გიორგის ოჯახის სიიდან ამოღება".
სამაჩაბლოში გმირულად დაღუპული გიორგი ლომაძის ოჯახის სიიდან ამოღებასთან დაკავშირებით, გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსმა თამარ ფირცხალაიშვილმა განმარტა, რომ ვინაიდან გიორგი ლომაძე დაიღუპა 2004 წელს და არა 2008-ში, მისი ოჯახი მხოლოდ ამ პროგრამით გათვალისწინებულ დახმარებას ვერ მიიღებს და, შესაბამისად, მას დახმარება სხვა პროგრამით გაეწევა.
"ასეთი დაყოფა ძალიან გულსატკენია. ძალიან კარგად ვიცი, აფხაზეთში დაღუპული ლანჩხუთელი ვაჟა თოდუას ტრაგიკული ბედის შესახებ; ჩემ თვალწინ გაიზარდა შინდისში დაღუპული ემზარ წილოსანი. ძალიან მიჭირს ამ კონფლიქტების გახსენება, რადგან ჩემმა ოჯახმა საკუთარ თავზე გამოსცადა ბევრი რამ. ომი ომია, რა მნიშვნელობა აქვს, რომელ ომში იბრძოდა?! თუ ვეხმარებით, ყველას ერთნაირად უნდა დავეხმაროთ", _ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა დეპუტატმა დარეჯან ბურჭულაძემ.
როგორც გაირკვა, სოციალურ პროგრამაში ცვლილების ამ სახით გახორციელების მთავარი ინიციატორი უშუალოდ მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე იყო.
"მე ვიყავი ინიციატორი, რომ აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახებისთვის ერთჯერადი დახმარების სახით 300-300 ლარი გადაგვეცა და საკამათოს ვერაფერს ვხედავ. ისინი ჩვენი საამაყო გმირები არიან. სამმა ლანჩხუთელმა, სხვა მებრძოლებთან ერთად შეაჩერა კბილებამდე შეიარაღებული რუსის ჯარი. ამაზე მსჯელობა იმ ადამიანების შეურაცხყოფად მიმაჩნია", _ თქვა ზაზა ურუშაძემ.
ამ საკითხზე მსჯელობა რომ უხერხულია, ამაზე მმართველი გუნდი და ოპოზიციაც ერთნაირად თანხმდება, თუმცა, ბევრს უხერხულობას ომში მონაწილეთა კატეგორიებად დაყოფაც უქმნის.
"კარგი იყო ამ საკითხზე მსჯელობა ადრე გამართულიყო. ამასთან დაკავშირებით, სამსხურის უფროსი თამარ ფირცხალაიშვილი ჩვენ ფრაქციის სხდომაზეც მოვიწვიეთ, თუმცა, არ მობრძანდა. რომ მოსულიყო რჩევას მაინც მივცემდით და სავარაუდოდ, ასეთი უხერხული სიტუაციაც აღარ შეიქმნებოდა. ახლა ისე გამოდის, თითქოს, ვინმე ამ სამი გმირის ოჯახის წინააღმდეგ მიდის, რაც ასე ნამდვილად არაა. არ შეიძლება ერთმანეთისგან განასხვავო აფხაზეთის კონფლიქტისა და აგვისტოს ომის მონაწილეები, ან ის თუ ვინ რომელ წელს დაიღუპა ომში. ეს ძალიან ცუდი მიდგომაა. დანაშაულია თუ ადამიანი სოხუმში დაიღუპა და არა 2008 წლის ომში?!", _ ამბობენ ფრაქცია "ლანჩხუთი ევროატლანტიკური მომავლისთვის" წევრები.
მმართველი გუნდიც და ოპოზიციაც მიიჩნევს, რომ სამომავლოდ, დიფერენციაცია აღარ უნდა მოხდეს და ყველას ერთნაირად უნდა დაეხმარონ, რადგან მსგავსი დაყოფა საზოგადოებაში უარყოფით რეაქციას გამოიწვევს.