დღეს საქართველოს ეროვნული ვალუტა – ლარი იუბილარია. 1995 წლის 2 ოქტომბერს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიმოქცევაში გავიდა ახალ ეროვნული ვალუტა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, 1995 წლის 2 ოქტომბერს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ერთადერთ კანონიერ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადდა ახალი ქართული ეროვნული ვალუტა "ლარი". მიმოქცევაში გავიდა – 1, 2, 5, 10, 20, 50 და 100 ლარის ღირებულების საბანკო ბილეთები. სიტყვა „ლარი", რომელიც შეირჩა ქართული ეროვნული ვალუტის ძირითადი ერთეულის სახელწოდებად, ძველი ქართული სიტყვაა და ნიშნავს ზოგადად განძს, ქონებას, ხოლო, "თეთრი", რომელიც ლარის მეასედ ნაწილს ეწოდა, ასევე ძველი, XIII საუკუნიდან დამკვიდრებული ქართული სამონეტო ტერმინია. 1999 წელს სრულყოფის თვალსაზრისით მოდიფიცირებულ იქნა 1995 წლის ემისიის ყველა ნომინალის ბანკნოტები, 2002 წელს 1999 წლის ემისიის მხოლოდ 1, 2, 5, 10 და 20 ლარის ღირებულების ბანკნოტები, 2004 წელს 50 და 100 ლარის ღირებულების ბანკნოტები. 2007 წლის 16 აპრილს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიმოქცევაში გაუშვა 200 ლარის ღირსების ბანკნოტი.
1, 2, 5, 10, 20, 50, 100 და 200 ლარის ნომინალის ბანკნოტის, წინა მხარეზე წარმოდგენილია ქართული წარწერები: "საქართველო", "საქართველოს ეროვნული ბანკი", ნომინალის დასახელება, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და ფინანსთა მინისტრის ხელმოწერები და თარიღი, ხოლო უკანა მხარეზე – ინგლისური ენოვანი წარწერები:"GEORGIA" და ნომინალის დასახელება.