დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე საკითხს: "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ურეკი-შეკვეთილის ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შეთანხმების შესახებ," ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების მიღების თაობაზე" , რომელიც ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარემ ტარიელ აროშიძემ წარმოადგინა, საკმაო წინააღმდეგობა მოჰყვა. სოფელ ნატანების მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სიხარულიძემ საკრებულოს სხდომაზე თქვა, რომ ეს არის სერიოზული საკითხი, რაც მიწათსარგებლობასა და სანიტარულ ზოლს ეხება.
"დღეს კომპანია "არტ-სტუდიო" ისე ახორციელებს პროექტს, თითქოს ეს ყველაფერი დაუსახლებელ ზოლში ხდებოდეს. აღნიშნული ტერიტორიის 95% კი კერძო თუ იურიდიულ პირთა საკუთრებაა. ერთის მხრივ ძალიან კარგია მშენებლობა, მაგრამ საქმე გვექნება ათასამდე ადამიანთან, ვისაც აუკრძალეს სანაპირო ზოლთან 100 მეტრიან მანძილზე სახლების მშენებლობა. ეს იქნება როგორც ადამიანის, ისე ბიზნესის უფლების დარღვევა. ჩვენ დავდგებით პრობლემის წინაშე. შერჩევითი სამართალი არ უნდ იყოს. იურისტებს უნდა ვესაუბროთ და არა ერთმანეთს… კარგად იციან, რასაც აკეთებენ პროექტის განმახორციელებლები. მოსახლეობასთან გვქონდა შეხვედრა და ჩვენ საკრებულოს აუცილებლად მოვმართავთ წერილით," – ამომრჩევლების სახელით განაცხადა დავით სიხარულიძემ.
სიხარულიძეს დავით დარჩიამ უპასუხა, რომ ჯერ ეს პროექტი დამტკიცებული არ არის. ეს არის მესამე ეტაპი. თუმცა, დეპუტატთა ნაწილმა პირდაპირ განაცხადა, რომ როცა მესამე ეტაპამდე მივიდა საქმე, ეს დამტკიცებას ნიშნავსო. კამათი და დავა დიდხანს გაგრძელდა. დეპუტატებმა ხვიჩა წულაძემ და დავით სიხარულიძემ განკარგულების მიღებას მხარი არ დაუჭირეს.
"გურია ნიუსი" შეუთანხმდა დეპუტატ სიხარულიძეს და ხვალ, 8 ოქტომბერს, შევხვდებით ნატანების მოსახლეობას, რასაც ოპერატიულად ვაცნობებთ ჩვენს მკითხველებს.