ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტების გაიაფებას აანონსებს, რაც ბაზარზე ჯენერიკების შემოტანის ხარჯზე უნდა მოხდეს. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრი მალხაზ წერეთელი ჯენერიკისა და ბრენდის საკითზე საუბრობს.
„ჯენერიკი იგივე პრეპარატია, რაც ბრენდი. ასე ვთქვათ „დედა“ პრეპარატია, რომლის მოხმარება და გამოყენება აბსოლუტურად უვნებელი და გამართლებულია. არსებობს აზრი, რომ თითქოს ჯენერიკებს სჭირდებათ დამატებითი დამუშავება, სისუფთავე და ა.შ. ეს არ არის საერთაშორისო მიდგომა.
ჯენერიკ მედიკამენტები გამოიყენებაა ყველგან და მასზე უარი არც ჩვენ უნდა ვთქვათ. ჩვენ ჩაკეტილ წრეში ვარსებობდით, რომელიც ჯერ კიდევ არ არის გარღვეული. დღეს არსებულ ჩაკეტილი აზროვნებას სჭირდება გახსნა და განმარტება, თუ რა არის ჯენერიკი. ჩვენ შეგვიძლია ეს მედიკამენტები ჩვეულებრივად, უპრობლემოდ გამოვიყენოთ, მითუმეტეს უფრო იაფია, ვიდრე ბრენდული მედიკამენტები.
ხოლო ამ სიიაფეს განაპირობებს არა მისი დაბალხარისხიანობა, არამედ ის ფაქტი, რომ ჯენერიკის გამომშვები კომპანია არ არის მედიკამენტის შემქმნელი და ის წამლის წარმოების უფლებას იღებს ყველანაირი დანახარჯის გარეშე,“ – განამარტავს მალხაზ წერეთელი.
რაც შეეხება მედიკამენტებს და ჯენერიკებს, რომლებიც ინდოეთში იწარმოება, ჯანდაცვის კომიტეტის წევრი მის ხარისხიანობაზე აღნიშნავს: „ეს არ ნიშნავს, რომ აღნიშნული მედიკამენტები აუცილებლად უხარისხოა. ინდოეთში და ზოგადად, აზიაში წარმოებული პრეპარატები გადის როგორც ევროპის, ასევე ამერიკის ბაზარზე. მაგალითად, შეხვედრა მქონდა იორდანიის დელეგაციასთან და აღნიშნეს, რომ ქვეყნის შემოსავლის დიდი ნაწილს მედიკამენტების წარმოება განაპირობებს, რომლებსაც ისინი ევროპაში ყიდიან. რაც ნიშნავს, რომ აღნიშნული პრეპარატები აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტს. წამალს თუ მოჰყვება სერტიფიკატი და გარანტიები, ნიშნავს რომ ის სანდოა.“