საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ადამიანების წამებისა და გაუპატიურების ამსახველ ვიდეოკადრებს მედიასივრცეში თავად "ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს.
"მოვისმინე ექსპერტების და არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებები იმასთან დაკავშირებით, რომ ამ კადრების გავრცელება არის ცუდი. კი ბატონო, ჩვენ ვთანხმდებით, რომ ეს ძალიან ცუდია და საზოგადოებამ ნახა შოკისმომგვრელი ვიდეოები. ორი წლის წინ, როცა ეს საქმე ჩემი მინისტრობის დროს იქნა გამოძიებული, შეგნებულად გადავწყვიტეთ, რომ ამ ვიდეოების გავრცელება არ შეიძლებოდა, რათა არ გამოწვეულიყო საყოველთაო აგრესია ისევ "ნაციონალების" მისამართით – ჩვენ ისევ ისინი დავიცავით. რაოდენ პარადოქსულად არ უნდა ჟღერდეს, დიახ, ჩვენ ისინი დავიცავით და ადამიანურობა გამოვიჩინეთ, მაგრამ მათ ეს არ ესმით."-განაცხადა ღარიბაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე. მისივე განცხადებით, ამ ვიდეოკადრების გავრცელებით ყველაზე მეტად "ნაციონალები" არიან დაინტერესებული.
"ძალიან მაინტერესებს, ესა თუ ის მსხვერპლი, რომელიც ამ ვიდეოებში ფიგურირებს, მათი ოჯახის წევრები, ახლობლები, ნათესავები რომ ყოფილიყვნენ, მაშინ როგორ შეფასებას გააკეთებდნენ? მაშინ მთავარი აქცენტი იქნებოდა იმაზე, თუ როგორ მოხდა ამ ვიდეოს გავრცელება, თუ იმ საშინელებაზე, რაც ამ კადრებში ხდება? მე მაქვს იმედი, რომ სამართლიანობის შეგრძნება ყველას გვაქვს და ჩვენ სიმართლე უნდა ველაპარაკოთ ხალხს", – განაცხადა ღარიბაშვილმა.