ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ეხმაურება 21 ოქტომბერს, ლანჩხუთში, ნაციონალური მოძრაობის ოფისთან მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც შეურაცხყოფა მიაყენეს და პროფესიული საქმიანობის შესრულებაში ხელი შეუშალეს სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2-ის” ადგილობრივ კორესპონდენტს. ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ მიმართავს ჟურნალისტ ვლადიმერ მენაბდეს ლანჩხუთის გამგეობის თანამშრომელი, რომელიც “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტის შეურაცხყოფის დროს იყენებს სიძულვილის ენის შემცველ გამონათქვამებს.
ქარტიის საბჭო მიმართავს შესაბამის ორგანოებს, მოახდინონ დაუყოვნებელი რეაგირება მომხდარზე. ქარტიის საბჭო აქვე მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს და შეახსენებს, რომ ისინი ვალდებულნი არიან ინფორმაცია მიაწოდონ მედიას, რომ როგორც საჯარო და სახელმწიფო მოხელეებს კანონი აკისრებს თმენის ვალდებულებას, რომ მსგავსი გახშირებული შემთხვევები და შეუფერებელი მოქცევა მედიის წარმომადგენლებთან, აჩენს შეკითხვებსა და ეჭვებს ხელისუფლების დამოკიდებულებაზე მედიის და სიტყვის თავისუფლების მიმართ.
ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ მაშინ, როდესაც სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2-ის” საქმე და ამ საქმეში ხელისუფლების მონაწილეობის შესაძლებლობა ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანია, ეს შემთხვევა განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს.
აღნიშნულთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება "გურია ნიუსმა" დილით გაავრცელა