იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დაპირისპირება მოხდა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ლევან თევზაძის გაღიზიანება გამოიწვია "მოსამართლეთა ერთობის" თავმჯდომარის, მაია ბაქრაძის განცხადებამ, რომელმაც აღნიშნა, რომ "დადებითი ამ პროცესში მხოლოდ ის არის, რომ საბჭომ მოსამართლეთა დაცვის კუთხით" გამოიღვიძა.
ლევან თევზაძემ აღნიშნა, რომ მაია ბაქრაძე ვერ მიუთითებს საბჭოს მოსამართლეთა დაცვისკენ. მისი თქმით, მასტერკლასებს ჩაუტარებს ამ კუთხით "მოსამართლეთა ერთობის" თავმჯდომარეს. ამის შემდეგ თევზაძემ ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს მიმართა, რომ ხელები გაეჩერებინა, რასაც ხმაური მოჰყვა.
მაია ბაქრაძეს, რომელიც "მოსამართლეთა ერთობის" თავმჯდომარის სტატუსით ესწრება სხდომას, დამატებითი განმარტების გაკეთება მოუხდა. კერძოდ, ბაქრაძემ აღნიშნა, რომ ადვოკატები ერთმანეთის დასაცავად "ფეხზე დგანან", ასევე მჭიდრო სოლიდარობაა მედიის წარმომადგენლების მხრიდან ერთმანეთისადმი, ბაქრაძის თქმით, იგივე უნდა მოხდეს მოსამართლეების დაცვის კუთხით. როგორც "მოსამართლეთა ერთობის" თავმჯდომარემ აღნიშნა, მისი განცხადება არ ეხება მხოლოდ თამაზ ურთმელიძეს და თითოეული მოსამართლის დაცვა უნდა მოხდეს, როგორც საბჭოს, ასევე სხვა მოსამართლეების მხრიდან.
დაპირისპირება მალევე ამოიწურა. საბჭო ამჟამად სხვა საკითხის განხილვას განაგრძობს და მედიას სხდომის დატოვება მოუწია.