ანგული სარჯველაძე ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელია. ამ წლის ივლისში მან პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდა ჩააბარა, მაქსიმალური 60 ქულა მოაგროვა და საქართველოს მასშტაბით, პირველი ადგილი დაიკავა. თუმცა, როგორც თვითონ გვიამბობს, მას არ ანიჭებენ "უფროსი მასწავლებლის" წოდებას და, შესაბამისად, ვერც 180 ლარამდე ვაუჩერულ დაფინანსებას მიიღებს.
მიზეზი ამისა გახლავთ ის, რომ თავის დროზე, ბატონ ანგულის არ ჩაუბარებია გამოცდა პროფესიულ უნარებში და აღიარებს იმასაც, რომ ასე თვითონ გადაწყვიტა, რადგან მასწავლებლის ასეთ გამოცდაზე გასვლა არ მიაჩნდა ღირსების საქმედ. გავიდა დრო და პროფესიული უნარები მასწავლებელთა ჩასაბარებელი გამოცდების სიიდან ამოიღეს. თუმცა, როგორც ბატონი ანგული ამბობს, მას, სწორედ, იმ პროფესიული უნარების ჩაუბარებლობის გამო არ ანიჭებენ უფროსი მასწავლებლის წოდებას.
_ჩვენს ქვეყანაში, თითქმის, ყველანაირ კანონს ორი ყური აქვს. ღიად ვამბობ, რომ მიუხედავად ჩემი ყველანაირი შესაძლებლობისა, ადრე არ გავედი პროფესიული უნარების გამოცდაზე. მიმაჩნდა, რომ მე ეს არ მჭირდებოდა და კონკრეტულად ამ საგანში გამოცდა რაღაცნაირად ღირსების შემმატებელი არ იყო ჩემთვის, რადგან აღნიშნულ გამოცდაზე გასვლის მსურველ მოსწავლეებს, თვით მასწავლებლებს მე ვამზადებდი და ყველა წარმატებას აღწევდა. დღეს, როცა აღარ ითხოვენ ამ საგნის ჩაბარებას, გამოდის, რომ მართალს ვამბობდი… თუმცა, ჩემთვის, ბიოლოგიის საგანში უმაღლესი ქულების მომპოვებელი მასწავლებლისთვის, თურმე მაინც იმ პროფესიულ უნარებში გამოცდის ჩაბარება ყოფილა საჭირო, რომელიც დღეს არავის მოეთხოვება! წინააღმდეგ შემთხვევაში, მთავარ "კოზირს" _ რომ მე ჩემს პროფესიაში უმაღლესი ქულები მოვიპოვე, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. გამოდის, რომ დარჩენილი სიცოცხლის მანძილზე მაინც და მაინც სასამართლოებში უნდა ვირბინო? კუთვნილი წოდება და ხელფასი სიკვდილის შემდეგ არ მინდა! სიცოცხლეშივე უნდა მომაგონ ის, რის ღირსიც ვარ! _ ამბობს ის.
68 წლის ანგული სარჯველაძის რეგალიების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. მხოლოდ მთავარს ვიტყვით, _ 46 წლის წინ, უმაღლესი განათლების მიღებისთანავე, მან სწავლა გააგრძელა ანასეულის კვლევით ინსტიტუტში, ასპირანტურაში, რომლის კურსი მოსკოვის ლომონოსოვის უნივერსიტეტში დაასრულა. მერე კი სამეცნიერო მუშაობა კვლავ ანასეულში გააგრძელა, იკვლევდა მცენარეთა ფიზიოლოგიას. არის 20-მდე მეცნიერული შრომისა და ოთხი პატენტის ავტორი. ბოლო 20 წლის მანძილზე სკოლებში ბიოლოგიის მასწავლებლად მოღვაწეობს და დღემდე მიიჩნევს, რომ ფულზე და ხელფასზე კი არ არის საქმე, მას უნდა ჰქონდეს დამსახურებისამებრ აღიარება.
უკანასკნელ ათწლეულსა თუ უფრო ადრეც, სასკოლო განათლების რეფორმის რთულ პერიოდში არაერთი მტკივნეული ნაბიჯი გადაიდგა, რომელიც მერე შეცდომადაც იქნა აღიარებული. უფრო მეტიც, ბევრი სწავლული და საზოგადოებისთვის არც თუ მცირე ნაწილი დანაშაულებრივადაც მიიჩნევს რეფორმის სახელით გადადგმულ არაერთ ნაბიჯს განათლების სისტემაში.
პედაგოგ ანგული სარჯველაძის შემთხვევაში ფორმალურ შეუსაბამობასთან უფრო უნდა გვქონდეს საქმე, ვიდრე ჭეშმარიტი პროფესიონალიზმის ძიებასთან _ ამ მხრივ, მას, როგორც პედაგოგს, მისივე კოლეგების და ფართო საზოგადოების წარმომადგენელთა თქმით, ბადალი ნაკლებად მოეპოვება.
ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, "ეტალონის" გამარჯვებული მაია ღლონტი ანგული სარჯველაძეს მასწავლებელთა მასწავლებლად მიიჩნევს:
_ გარდა იმისა, რომ ბრწყინვალე მასწავლებელია, არის მაღალი ზნეობის მატარებელი პიროვნება, იშვიათი ადამიანი! მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიყვან _ მოსწავლეს ბაბუა გარდაეცვალა და სამძიმარზე მისულმა რომ ნახა, სახლს ფანჯრები არ ჰქონდა, მერე ეს მოსწავლე მთელი წლის მანძილზე უფასოდ მოამზადა თავის საგანში. მის მიერ მომზადებული მასწავლებლები წარმატებით აბარებდნენ და აბარებენ პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებს. თამამად უნდა ითქვას, რომ ის მასწავლებელთა მასწავლებელია. დღეს პარადოქსულ ფაქტორს ვხედავთ მის პედაგოგიურ ბიოგრაფიაში, რაც დასანანია. როცა სკოლაში ნახავ მოსწავლის მიერ გაკეთებულ წარწერებს: "მე +გული =ან+ გული", ამაზე დიდი აღიარება რა უნდა იყოს? თუმცა, სახელმწიფოებრივი მიდგომით აღიარება სჭირდება, როგორც თავისი საქმის უბადლო მცოდნეს.
ახლახან ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასში, ანგული სარჯველაძის მიერ, ბიოლოგიაში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი _ "სიცოცხლე მშვენიერია". გაკვეთილს ესწრებოდა 15 ექიმი, სკოლის მასწავლებლები. თეთრ ხალათებში გამოწყობილმა მოსწავლეებმა, პირობითად ექიმებმა, წარმოადგინეს გულისა და სისხლძარღვთა სისტემის ოპერაცია. ყველა დამსწრე აღფრთოვანებული დარჩა იმ შემოქმედებითი მიდგომით, რაც ამ გაკვეთილზე გამოჩნდა.
_ ასეთი გაკვეთილები ხშირად უნდა იმართებოდეს! აღფრთოვანებული ვარ! ჩემს ბავშვობაში და შემდეგაც მსგავსი რამ არ მინახავს. საქმე გვაქვს მაღალი დონის პროფესიონალ პედაგოგთან, რომელიც თავდავიწყებითაა შეყვარებული თავის საგანზე, ბავშვებზე, სიცოცხლეზე! _ ამბობს ექიმი, კლინიკა "მედალფას" დირექტორი დავით მდინარაძე.
ბატონი ანგული სარჯველაძე საგანგებოდ აღნიშნავს, რომ მას წლების მანძილზე, როგორც სკოლის დირექტორი, ისე საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, პირდაპირ აძალებდნენ, რომ გასულიყო პროფესიული უნარების გამოცდაზე, უქმნიდნენ ყველა პირობას, რომ სამოღვაწეო სარბიელზე თავი შეუზღუდავად ეგრძნო, თუმცა, თავიდან თვითონ იდგა უარზე. მიუხედავად ამ ყველაფრისა, დღეს, როცა ბოლოს და ბოლოს, გავიდა ს სასერტიფიკაციო გამოცდაზე და მაღალი შედეგი დადო, სათანადო აღიარებაზე უარის თქმა იმის გამო, რომ არ აქვს ჩაბარებული ზოგადი უნარების გამოცდა, რომელიც დღეს აღარავის მოეთხოვება, უაღრესად შეურაცხმყოფელად მიაჩნია.
_ ქიმიაშიც გავალ ახლა გამოცდაზე და მივიღებ მაღალ ქულებს. სამწუხაროდ, ამ ასაკში მიხდება საკუთარ თავზე საუბარი, რაც მთელი ცხოვრების მანძილზე მძულდა, _ ამბობს ანგული სარჯველაძე.
ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი ფატი სიორიძე აცხადებს, რომ ბიოლოგიის მასწავლებელი ანგული სარჯველაძე უსაზღვროდ მცოდნე პედაგოგი და იშვიათი პიროვნებაა.
_ ვაძალებდი, რომ გასულიყო გამოცდაზე, რადგან არსებობს პროცესისადმი სახელმწიფოებრივი მიდგომა და ამ ვითარებას გვერდს ვერ ავუვლიდით. სამწუხაროდ, ასეთი მიდგომისადმი მას ყოველთვის უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა. ანგული სარჯველაძე რომ გამორჩეული, ძალზე მაღალი კვალიფიკაციის მასწავლებელია, ეს თაობებმა, მთელმა საზოგადოებამ იცის და სასერტიფიკაციო გამოცდაზეც დაამტკიცა. მას მიენიჭა 10 კრედიტ ქულა და კიდევ 9 კრედიტ ქულის დაგროვება სჭირდება, რომ უფროსი მასწავლებლის წოდება მიენიჭოს. არაჩვეულებრივ საგამოცდო შედეგთან ერთად, მას ყველაფერი აქვს, გამოცდილება, ცოდნა, მიდგომა, ახსნა. სკოლა ჩართულია სქემაში და მე არ მაქვს უფლება, მოვითხოვო, რომ მასწავლებელს შეეცვალოს სტატუსი. "შეფასების ჯგუფმა", რომელიც შექმნილია სკოლაში უნდა მიანიჭოს მას კიდევ 9 ქულა, რომ "უფროსი მასწავლებლის" წოდება მიიღოს. ეს უნდა მოხდეს შიდა დაკვირვებით, სხვადასხვა უნარ-ჩვევების გამოვლინებით თუ ოლიმპიადებში მონაწილეობით.
_ ბატონი ანგული სარჯველაძე მიიჩნევს, რომ ეს არის ფორმალური მიდგომა და სწორედ ასეთი მიდგომის მსხვერპლია თვითონ.
_ ვიმეორებ, სკოლა ჩართულია ახალ სქემაში, რომლის შეცვლის უფლება მე არ მაქვს. აქედან გამომდინარე, ვერც პედაგოგის სტატუსის შეცვლას მოვითხოვ. დღეისთვის ბატონი ანგული ხელფასს იღებს საათობრივი დატვირთვის მიხედვით, მაგრამ ვერ იღებს ვაუჩერულ დაფინანსებით ანაზღაურებას იმის გამო, რომ ჯერ არ აქვს "უფროსი მასწავლებლის" სტატუსი.
ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლელა იმედაშვილი შექმნილი ვითარების შესახებ, მიღებული კანონის გათვალისწინებით საუბრობს:
_ უკვე რამდენიმე თვეა, ძალაში შევიდა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი "მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემა", რომელიც არეგულირებს სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებას, მასწავლებლის სისტემური პროფესიული განვითარების გზით. ეს საკმაოდ ვრცელი დოკუმენტია, რომლის დეტალებზე ახლა საუბარს ნამდვილად ვერ შევუდგები, მაგრამ მოკლედ გეტყვით, რომ ახალი სქემის შესაბამისად მოქმედი მასწავლებლები გადანაწილდნენ სხვადასხვა საფეხურზე იმის მიხედვით, რა ტიპის გამოცდა ჰქონდათ ჩაბარებული ან რა ტიპის აქტივობები ჰქონდათ გახორციელებული (ე. წ. "სერტიფიცირებული", "ძველ სქემაში ჩართული" და ასე შემდეგ). ახალი სქემის პრეზენტაციები ყველა სკოლაში ჩავატარეთ და მათ შორის ქალაქ ოზურგეთის #2 საჯარო სკოლაშიც, სადაც ბატონი ანგული სარჯველაძე მუშაობს. საგაზეთო კომენტარში რთულია მოკლედ ჩამოაყალიბო სქემის არსი ისე, რომ გაარკვიო კონკრეტული კითხვის ავტორი. მე ბატონ ანგულის ვთავაზობ შეხვედრას, რომ უკეთ შევძლოთ გარკვევა დეტალებში. ჩვენი პირადი პოზიტიური ურთიერთობის გათვალისწინებით, მას ამის პრობლემა არ აქვს, _ ამბობს ლელა იმედაშვილი.
კითხვაზე, რასთან გვაქვს საქმე კონკრეტულად ანგული სარჯველაძის შემთხვევაში, იმედაშვილი ასეთ განმარტებას აკეთებს:
_შევეცდები, ავხსნა, რასთან გვაქვს საქმე. ბატონი ანგული სარჯველაძე მიეკუთვნება პრაქტიკოსი მასწავლებლის კატეგორიას. მან ამ ზაფხულს ჩააბარა საგნის გამოცდა და მიიღო 10 კრედიტ-ქულა. კარიერაში რომ წინ წავიდეს და გახდეს უფროსი მასწავლებელი, დამატებით კიდევ უნდა დააგროვოს 9 კრედიტ-ქულა სხვადასხვა აქტივობებით, რაც გაწერილია ახალ სქემაში. პედაგოგები გამოცდას აღარ აბარებენ პროფესიულ უნარებში, შესაბამისად, ამ გზით კრედიტს აწი ვერავინ მიიღებს. მე მახსოვს, როცა სასერტიფიკაციო გამოცდები იწყებოდა, ბატონი ანგული სკეპტიკურად უყურებდა ამას და არ გასულა არცერთ გამოცდაზე, მათ შორის, პროფესიული უნარების გამოცდაზე. რომ ჰქონოდა ეს გამოცდა ჩაბარებული, წელს ჩააბარებდა რა საგნის გამოცდას, ავტომატურად გახდებოდა უფროსი მასწავლებელი! და მიიღებდა კიდეც სახელფასო დანამატს! ვიმეორებ, ახლა ის უნდა გაყვეს სქემას , დააგროვოს ქულები და ასე გადაინაცვლოს უფროსი მასწავლებლის კატეგორიაში. ახალი სქემა არის მასწავლებლის სისტემური პროფესიული განვითარების გზა არა მარტო ბატონი ანგული სარჯველაძისთვის, არამედ ყველა მასწავლებლისთვის.
ადვოკატ კახა ჩავლეშვილის განმარტებით, ანგული სარჯველაძის შემთხვევა ის უსიამო ფაქტია, რაც დამსახურებულ პედაგოგს დანარჩენ მასწავლებლებთან მიმართებაში მთლიანად არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს. მას შეუძლია, კვალიფიციური იურიდიული რჩევა მიიღოს ჩვენგან. უნდა გამოითხოვოს წერილობითი პასუხი სამინისტროდან თუ სკოლიდან, რატომ ეთქვა უარი დამსახურებული წოდების მინიჭებაზე უმაღლესი ქულების მქონე პედაგოგს.
_ ეს არ იქნება მარტივი დავა, თუმცა, კვალიფიციური რჩევის შემდეგ გადადგმული სამართლებრივი ნაბიჯებით, ვფიქრობ, ის სასამართლო პროცესს მოიგებს, _ ამბობს ჩავლეშვილი.
ანგული სარჯველაძე კიდევ 9 ქულისთვის ბრძოლას შეურაცხყოფად მიიჩნევს, რადგან შესაძლებლად მიაჩნია, მისი დამსახურების და განათლები მქონე მასწავლებლისთვის გაეწიათ ანგარიში, სკოლის დირექციას და რესურსცენტრს გაეკეთებინათ მოთხოვნა და ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის მოახლოებულ საიუბილეო ზეიმზე მისთვის მიენიჭებინათ "უფროსი მასწავლებლის" წოდება.
_ არ ვიცი, როგორ გადავწყვეტ, ისე კი ვფიქრობ, საერთოდ დავტოვო პედაგოგიური სარბიელი, _ გვითხრა ბიოლოგიაზე, ბავშვებსა და სკოლაზე უსაზღვროდ შეყვარებულმა მასწავლებელმა.