შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის მაისში, ქობულეთში, ერთ-ერთ სასტუმროში გაჩენილი ხანძრის გამომწვევი მიზეზები დაადგინა, რომელმაც სამი მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა და დამნაშავე პირი დააკავა.
შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1966 წელს დაბადებული ზაზა ა. სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
2015 წლის 10 მაისს, გამთენიისას, ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე, ზაზა ა-ს. კუთვნილ, ე.წ. "ხასანას" სასტუმროში ხანძარი გაჩნდა. ამ დროს სასტუმროში იმყოფებოდნენ რუსთავის ქორეოგრაფიული ანსამბლ "სიხარული-2"-ის წევრები, მათ შორის, არასრულწლოვნები, რომელთაგანაც სამი ადგილზე დაიღუპა. ქობულეთის რაიონული პოლიციის თანამშრომლებმა და მაშველებმა ალმოდებული შენობიდან 45 ადამიანი, მათ შორის 30 მოზარდი, გამოიყვანეს. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში დაინიშნა სხვადასხვა სახის კომპლექსური ექსპერტიზა. საინჟინრო ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ სასტუმროში დარღვეული იყო სამშენებლო ნორმები და წესები, ხოლო სახანძრო-ტექნიკური ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ხანძრის გაჩენა დაკავშირებული იყო ელექტროტექნიკურ გაუმართაობასთან. აღსანიშნავია, რომ ცეცხლის კერა მდებარეობდა იმ ოთახში, სადაც გარდაცვლილი მოზარდები იმყოფებდნენ.
გამოძიება სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.