საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში საჰაერო თავდაცვის სისტემების შესახებ საფრანგეთთან გაფორმებულ ხელშეკრულებაზეც ისაუბრა. თინათინ ხიდაშელის განცხადებით, სწორედ საჰაერო თავდაცვისუნარიანობის გაზრდის მიზნით ჩამოვლენ მომავალი წლის იანვარში საქართველოში ფრანგი ექსპერტები, ხოლო, გაზაფხულზე ქვეყანას საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი ეწვევა. საქართველოს თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცე სხვა ქვეყნების საჰაერო სივრცეზე მეტად დაუცველი არც დღეს არის.
"ერთია, როდესაც ქვეყნის საჰაერო სივრცე დაცული გაქვს და არსებობს საერთაშორისო წესები, რომლის მიხედვითაც ცივილური სახელმწიფოები მოქმედებენ და მეორეა, როდესაც მსოფლიოში არსებობენ ქვეყნები, რომლებიც არაფრად დაგიდევენ მსოფლიო წესრიგს და საერთაშორისო სამართლის ნორმებს", -განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ თურქეთი დღეს არის ქვეყანა, რომელიც პასუხს აძლევს ასეთ სახელმწიფოებს, თავდაცვის მინისტრმა ასე უპასუხა:
"დიახ, არიან სახელმწიფოები, რომლებიც პასუხობენ, მაგალითად თურქეთი და არიან ქვეყნები, მაგალითად ბალტიისპირეთის სახელმწიფოები, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ხშირად ირღვევა მათი საჰაერო სივრცე, საბედნიეროდ, ძალიან მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდებიან აღნიშნულ თემას. ნუ ჩავდგებით მაზოხისტურ პოზაში საკუთარ ქვეყანასთან მიმართებაში… მე მომისმენია ძალიან ბევრი კრიტიკა, მოსაზრება, რომ თითქოს ჩვენ, საჰაერო სივრცის დარღვევაზე უნდა ვიმოქმედოთ, ვესროლოთ და ჩამოვაგდოთ…ამ ადამიანების გასაგონად მინდა ვთქვა, რომ გადაიკითხონ მსოფლიო პრესა და გაერკვნენ სიტუაციაში." _ განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.