საქართველოს სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ის თვალს ადევნებს ბოლო პერიოდში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, სასამართლო კორპუსის დაკომპლექტების პროცესს, რასაც არსებითი გავლენა აქვს დემოკრატიული წესრიგის, კანონის უზენაესობაზე აგებული და ადამიანის უფლების დაცვაზე ორიენტირებული სახელმწიფოსთვის.
როგორც საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის მიე გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ომბუდსმენმა მოსამართლეობის კანდიდატთა გასაუბრების წინარე ეტაპზე, საქართველოს უზენაეს სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს თავისი საპარლამენტო ანგარიშებიდან და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ პერიოდულად წარდგენილი რეკომენდაციებიდან – ცალკეული მოსამართლეების საქმიანობის შესახებ, ერთად თავმოყრილი და შეჯამებული ინფორმაცია წარუდგინა. სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ წლების განმავლობაში წარდგენილი რეკომენდაციები და ანგარიშები საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება.
"დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის თავდაპირველი გარანტიაა ისეთი კადრების შერჩევა, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ მოსამართლის მაღალ სტატუსს. მართლმსაჯულების შეუფერხებელი განხორციელების უმთავრეს ღერძს თავად მოსამართლე წარმოადგენს და შესაბამისად, აუცილებელია სათავეშივე უზრუნველყოს სახელმწიფომ კადრების ეფექტური ფორმირება", _ აღნიშნულია საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაში.
საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის პროცესში, მნიშვნელოვანია საერთო სასამართლოების მიერ საქმეთა განხილვის შესახებ სახალხო დამცველის მონიტორინგის შედეგების გათვალისწინება.
მოსამართლეთა დანიშვნა-დაწინაურების პროცესთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველმა თავისი პოზიცია საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 2015 წლის 13 ნოემბერსაც შეატყობინა